საგარეო უწყების ცნობით, ამავე შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან მაღალი დონის ოფიციალური პირები ესტუმრებიან- გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად საქართველოს ესტუმრება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური მინისტრი, იგეგმება ასევე გერმანელ ბიზნესმენთა დიდი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში.
“2017 წელს სრულდება საქართველოში გერმანული სოფლების დაფუძნებიდან 200 წლისთავი. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად შევთანხმდით, რომ 2017 წელი გამოცხადდება საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად. ამ დროისთვის გერმანული მხარე დაინტერესებულია, რომ დასრულდეს საქართველოში გერმანული სკოლის მშენებლობა და ასევე ამ თარიღის აღსანიშნავად იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი პაკეტის შემუშავების თაობაზეც.
„იმ ინტენსიური დიალოგის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებობს, შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, რომელიც ადეკვატურად ასახავს ორი ქვეყნის ინტენსიურ ურთიერთობას და მოიცავს, როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, ასევე კულტურული ხასიათის საკითხებს,“ – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსაც. აღინიშნა, რომ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ნატო-ს მიერ შემოთავაზებული არსებითი პაკეტის რეალიზაციის კონტექსტში. „შევთანხმდით, რომ გერმანია უნდა იყოს წამყვანი ქვეყანა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას მია ფანჯიკიძემ.
საგარეო უწყების ცნობით, მაია ფანჯიკიძემ გერმანულ მხარესთან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმისთვის შეთავაზებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი ხელშეკრულების პროექტს.




