ახალი ამბები

სერგეენკო ბრძანებაში განმარტავს კაკაჩიას დათხოვნის მიზეზებს

21 ოქტომბერი, 2014 •
სერგეენკო ბრძანებაში განმარტავს კაკაჩიას დათხოვნის მიზეზებს

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი – “კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარები ქვეპროგრამა” არაჯეროვნად შესრულდა, რაც გამოირკვა განხორციელებული მონიტორინგის შედეგად. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ეს არის სოციალური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა და კომპეტენცია და მისი არაჯეროვნად შესრულების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა როგორც მოქალაქეებს, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინტერესებს.

 

გიორგი კაკაჩია მინისტრმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლის საფუძველზე დაითხოვა, მათ შორის: 52-ე მუხლი (სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება და სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება), 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნტი (დისციპლინურ გადაცდომა – სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება) და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი (იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე) და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი (მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს).


როგორც ირკვევა, გათავისუფლების ბრძანებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ- 15 ოქტომბერს, კაკაჩიას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებული იქნა “გაფრთხილება”. ამის მიზეზად სამინისტრომ სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და სახელწმიფო პროგრამების პროექტების შედგენისას რისკების არასრულყოფილი ანალიზი და მოსალოდნელი შედეგების არაადეკვატური გათვლა, დეპარტამენტში შესული ინფორმაციის არასათანადო დამუშავება და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების დროულად წარმოუდგენლობა დაასახელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი