“სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში,” – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეში დამნაშავედ სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დღეს დასრულდა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით.
პროკურატურის განცხადებით, იმის გამო, რომ ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა დავით ახალაიას „საიდუმლო“ წერილი მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, ი. მერაბიშვილის „საიდუმლო“ წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის – ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოააშკარავეს სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც 2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში.
ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორობის არგანთქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება, აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია. იგი ამჟამად სასჯელს იხდის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და 2011 წლის 26 მაისს მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის.
სასამართლომ ივანე მერაბიშვილის დამნაშავეობის საკითხთან ერთად იმსჯელა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზეც და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების, ვალერიან მეტრეველის და გერონტი ალანიას მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით.
2005 წლის 5 ოქტომბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დავით ახალაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო ვამეხი აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი გაიტაცეს და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ვალერიან მეტრეველმა და კუდის სხვა თანამშრომლებმა ისინი სცემეს.
გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, ჯარიმა თითოეულს 2000 ლარი და ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით, აცხადებს პროკურატურა.
სანდრო გირგვლიანის, ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზე ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, დავით ახალაიას დამნაშავედ ცნობას, მას შემდეგ, რაც განახლდება სასამართლოში მისი საქმის განხილვა.
ოლეგ მელნიკოვს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და იგი სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში.