ამ სიჩქარემ, ცხადია, თავგზა აუბნია აფხაზურ საზოგადოებას. დოკუმენტი პარლამენტში იმ დროს შევიდა, როდესაც ახალარჩეულ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ჯერ კიდევ არ ჰყავდა დაკომპლექტებული ახალი მთავრობა და, მით უმეტეს, არ წარმოუდგენია საზოგადოებისთვის უახლოეს წლებში რესპუბლიკის განვითარების გეგმა. გამოდის, რომ რუსეთმა გადაწყვიტა მის ნაცვლად დაეწერა ეს სტრატეგია ისე, რომ არც კი დაელოდა, აფხაზეთის ახალი ლიდერი სრულად დაუფლებოდა ხელისუფლებას. რა არის ეს – ტრადიციული იმედი გამართლებაზე (იქნებ აფხაზებმა უცებ მოაწერონ ხელი ყველაფერს, რაც უნდა რუსეთს) თუ რუსეთმა გადაწყვიტა შეწყვიტოს პარტნიორობის თამაში და ანგარიში წარმოუდგინა აფხაზებს პოლიტიკური მხარდაჭერისა და დაფინანსების საფასურის შესახებ?
რუსეთი მცირე საფასურს არ ითხოვს. აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის საშიში ნაღმები შეთანხმების თითქმის ყოველ პუნქტშია ჩადებული. აფხაზი პრეზიდენტი, ფაქტობრივად, კარგავს მისთვის ძირითადი კანონით მინიჭებულ მთავარსარდლის ფუნქციას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რადგან შეთანხმების პროექტით, გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურს ნიშნავს რუსეთის მხარე. საზღვრის კონტროლი ენგურზე ისედაც რუსეთის ხელშია, რომელსაც იქ მესაზღვრეები ჰყავს განლაგებული, მაგრამ ახლა “ჩრდილოელ მეზობელს” სურს მის თავზე აიღოს საქონლის “ერთობლივი” საბაჟო კონტროლი არა მხოლოდ ენგურზე, არამედ საზღვაო პორტებისა და აეროპორტების გამშვებ პუნქტებზეც. სურთ, რომ აფხაზეთს ჩამოართვან საკუთარი სუვერენული საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. ამასთან, ცხადია, მას არანაირ გარანტიას არ აძლევენ, რომ ჩართავენ ევრაზიულ კავშირში. ბოლოს და ბოლოს, რუსეთს სურს აფხაზეთის შიდა საქმეებში მონაწილეობაც – ის თავაზობს შეიქმნას რაღაც საკოორდინაციო ცენტრი შიდა საქმეებზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის.
მთელ რიგ პუნქტებში რუსეთი ცდილობს დელიკატურობის ნიშნები გამოაჩინოს. მაგალითად, “საზღვრების კვეთის სრული თავისუფლების” პუნქტში დამატებულია რემარკა – “შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე”. როგორც ჩანს, სწორედ ეთნიკურად ქართველები, რომლებსაც დღედღეობით არ უშვებენ აფხაზეთში, მოექცევიან ამ შეზღუდვის ქვეშ. რუსული ინვესტირებისთვის ბაზრის გახსნის საკითხი [კერძოდ, უძრავი ქონების ბაზრის] პირდაპირ არ წერია, მაგრამ ეს იგულისხმება აფხაზეთისა და რუსეთის ეკონომიკური კანონმდებლობის უნიფიცირების პრინციპის ქვეშ. თანაც, ტექსტი შეიცავს ბმულებს ცალკეულ ხელშეკრულებებზე, რომლებიც გაფორმდება შეთანხმების განხორციელების პროცესში. ამდენად, შემდგომი კანონშემოქმედებისთვის არც ისე პატარა სივრცეა დატოვებული.
აფხაზი ექსპერტები, ჟურნალისტები და დეპუტატები შეშფოთდნენ ამ პროექტის გამო და განაცხადეს, რომ აუცილებელია მასში შევიდეს სერიოზული ცვლილებები. თუმცა ახლა სხვა რამეშია საქმე – მიიღებს კი რუსეთი ამ ცვლილებებს? თუკი რუსეთი საკითხს ჯიუტად დასვამს, – თქვენ ჩვენთან ხართ თუ არა? – აფხაზეთის მთავრობის პასუხი მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს.
რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ავიღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისგან და მან თქვა, რომ “რუსეთი აშკარად შეშინდა, რომ აფხაზეთი სინამდვილეში შესაძლოა აღმოჩნდეს ევროპული ღირებულებებისა და ევროპული კულტურის გრავიტაციის ქვეშ”. თუკი ბატონი პაატა იმას გულისხმობს, რომ საქართველო, რომელიც ევროინტეგრაციის გზას მიუყვება, უფრო მიმზიდველი გახდება აფხაზებისთვის, მაშინ მომიწევს, მას იმედი გავუცრუო. საქართველოსა და რუსეთს შორის არჩევანის შემთხვევაში, აფხაზები რუსეთს აირჩევენ, ისეთსაც კი, რომელსაც ასევე არ სურს აფხაზეთის რეალური დამოუკიდებლობა.
თუმცა ამ სტრატეგიული არჩევანის მიუხედავად, აფხაზები შეეწინაღმდეგებიან რუსეთის მხრიდან მათ სრულად გადაყლაპვას. ეს განპირობებულია არა მხოლოდ თავისუფლების მეამბოხე სულით ან ნომენკლატურის სურვილით, არ დაკარგონ ხელისუფლება, არამედ ფაქტობრივად ჩამოყალიბებული “ორპარტიული სისტემით” – ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები ყოველთვის გამოიყენებენ “სამშობლოს ღალატის” რიტორიკას ოპონენტებთან ბრძოლაში. ძლიერი ოპოზიციური ძალის არარსებობა დღევანდელ აფხაზეთში, დარწმუნებული ვარ, არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც ჩქარობს ასე რუსეთი. არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების ოპოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, არ გამოჩენილან ახალი ლიდერები, რომლებიც შეძლებენ მის წარმოჩენას საჯარო სივრცეში. მაგრამ რაულ ხაჯიმბას რომ სურდეს რუსეთთან შეთანხმების ამ სახით გაფორმება, როგორც ის მოსკოვიდან ჩამოვიდა, ეს ოპონენტებს, თუნდაც ალექსანდრ ანქვაბის ნოკაუტით ამჟამად დეზორიენტირებულებს, მისცემდა ძლიერ იდეოლოგიურ საფუძველს მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რუსეთი იძულებულია იჩქაროს, უპირველეს ყოვლისა, მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. შეთანხმების პროექტი ბევრ თაფლაკვერს შეიცავს რუსული პენსიების, სოციალური შემწეობების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების სახით და ა.შ. თუმცა დიდად საეჭვოა, რომ რუსეთი შეძლებს დიდხანს არჩინოს რესპუბლიკა იმავე დონაზე, როგორც დღეს. ეკონომიკური ვარდნა, დასავლური სანქციები, რუბლის ძლიერი გაუფასურება, ნავთობზე ფასის დაცემა – რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ მომავალში მას მოუწევს აფხაზეთისთვის დაფინანსების შემცირება. ამდენად, შემდეგში აფხაზეთის მთავრობისგან არ იქნება ძალიან ადვილი იმ ყველაფრის მიღება, რაც ასე ძალიან სურს რუსეთს.
დარწმუნებული ვარ, რომ რაულ ხაჯიმბასა და მის გუნდს არ ხიბლავს შეთანხმების ამ ფორმით გაფორმების სურვილი. დიახ, რუსეთის დაფინანსება ახალ პრეზიდენტს ჰაერივით ჭირდება, მაგრამ არა ყველაფრის ფასად. სწორედ ამის გამოც გამოქვეყნდა ეს პროექტი. ხაჯიმბას სხვა არაფერი დარჩა რუსეთთან დასაპირისპირებლად, თუ არა ის, რისიც მას მუდამ ეშინოდა – საზოგადოებრივი აზრის ძალა. ღია ანტირუსულობის გამოხატვის უფლებას აფხაზები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან, თავს ვერ მისცემენ, მაგრამ აქვთ იმის რესურსი, რომ მათთვის არახელსაყრელ შეთანხმებაში კორექტივები შეიტანონ. როგორ შეძლებს რაულ ხაჯიმბა ამ რესურსების გამოყენებას, სწორედ ეს იქნება მისი პირველი გამოცდაც.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |