ახალი ამბები

“5-მეგავატიანი ჰესისთვის ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?” – გახარია პანკისელებს

21 აპრილი, 2019 • 1838
“5-მეგავატიანი ჰესისთვის ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?” – გახარია პანკისელებს

შს მინისტრი გიორგი გახარია პანკისში ჩავიდა. გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დამატებითი ძალები შევიდნენ პანკისში იმის შემდეგ, რაც კონფლიქტი გამწვავდა, თუმცა, განმარტება სპეცრაზმის შესვლის მიზანშეწონილობაზე არ გაუკეთებია.

ჟურნალისტების კითხვებამდე გახარიამ პანკისელებს მიმართა და უთხრა, რომ ქვები სამართალდამცველებს მათ თავად დაუშინეს, რაც არასწორია.

“გასაყოფი რა გვაქვს, ხომ ვართ ერთი მიწის შვილები, ხო ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია? რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც საუბარი შეიძლებოდა… ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება?! მე აქ მოვედი, რომ გესაუბრებით.

დამატებითი ძალა პოლიცია იყო, ხომ? პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ, რა უნდა გვექნა? ახლა უნდა დავსხდეთ, თუ რაიმე არგუმენტი და სასაუბრო გვაქვს, აგერ ვართ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენი ვისაუბროთ. არავინ, არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არც ერთი მოქალაქის უფლებების დარღვევას , მით უმეტეს, არც თქვენი და არც ფორმიანი ადამიანისა და არც მშენებლების, მაგრამ ამაზე უნდა ვისაუბროთ და მასკები მოვიხსნათ, ასე არ შეიძლება,” – ამბობს შს მინისტრი.

ადგილობრივებმა მას უთხრეს, რომ ისინი არავის წინააღმდეგნი არიან და მხოლოდ ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, დაძაბულობა გამოიწვია დამატებითი ძალების შეყვანამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ შევიდა პანკისში დამატებითი ძალა, გახარია პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს:

“მოდით თქვენთან ასე შევთანხმდეთ –  როცა დავასრულებთ აქ ყველაფერს, შემდგომ დაგიდგებით და ვისაუბრებთ ყველანი ერთად –  რაც მოხდა, როგორც გააგრძელდება და რაც იქნება შედეგი. “მაგრამების” გარეშე. დამატებით ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ, როდესაც კონფლიქტი უკვე მწვავე ფაზაში იყო, ეს ერთი. ახლა ჩვენ თუ გვინდა, ამ სიტუაციაში… დისკუსიაში შევიდეთ? კითხვები დამთავრებულია…

სამშენებლო კომპანიას, როდესაც მუშაობა განაახლა, თან მოჰყვა 35 პოლიციელი, ეს არის პასუხი, დისკუსიაში შევიდე?! ნახვამდის.. ,” – თქვა გახარიამ.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი