ახალი ამბები

ტაბულას განცხადებით, ღარიბაშვილის სახლთან დაკავებული ერთი პირი ტელეკომპანიის ფოტოგრაფია

19 ოქტომბერი, 2014 • • 1161
ტაბულას განცხადებით, ღარიბაშვილის სახლთან დაკავებული ერთი პირი ტელეკომპანიის ფოტოგრაფია

ტელეკომპანიის ერთ-ერთმა რედაქტორმა ლევან რამიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გიორგაძე აქციაზე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა, ფოტოებს იღებდა და ამის შესახებ სამართალდამცველებიც ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა მაინც დააპატიმრეს.


შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ აქციაზე 7 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევის გამო დააკავეს, თუმცა უწყებაში ტაბულას განცხადებას არ პასუხობენ.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


19 ოქტომბერს თბილისში, მოსიშვილის ქუჩაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბინა მდებარეობს, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის დასასრულს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მომიტინგეები იშლებოდნენ, როდესაც ქუჩაზე რამდენიმე ახალგაზრდამ გაიარა ტაშით და შეძახილით “წადით”, რის შემდეგაც მომიტინგეების ნაწილსა და მათ შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გაიმართა. ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ცნობით, საბოლოო ჯამში, პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა, მათ შორის ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პიკასოს კლუბის” წარმომადგენელი სალომე მახარაშვილი, ასევე, კობა ნაროუშვილი და ადვოკატი რომეო საჯაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი