ახალი ამბები

“ოცნების” ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი მერიისა და ოდიშარიას შეთანხმებას

19 აპრილი, 2019 • 767
“ოცნების” ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი მერიისა და ოდიშარიას შეთანხმებას

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ლევან ჯაფარიძემ, არ დაუჭირა მხარი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე კუთვნილ 3 ათას კვ.მ მიწის ნაკვეთში მუხიანში 35 ათას კვ.მ ტერიტორია გაუცვალა.

ლევან ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დროს თაბორის მთაზე მიწა უკანონოდ გაიყიდა, რომელიც ახლა გაცილებით ძვირი ღირს და რისი კომპენსაციის გადახდაც მოქმედ ხელისუფლებას არ უნდა უწევდეს.

“მივესალმები მერიის და კახი კალაძის გადაწყვეტილებას, რომ თაბორის მთაზე მშენებლობა შეჩერდა. მეორე, მინდა გითხრათ, რომ დღეს იყო საკითხი, რომელზეც თანხმობა არ მივეცი, რადგან იმ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, 421 კვადრატულზე, 2008 წელს კონკრეტულ მოსახლეს წინა ხელისუფლებამ აჩუქა ეს ტერიტორია და დღეს იმ უკანონო გადაწყვეტილებების კომპენსაცია უხდება ჩვენს ხელისუფლებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო, ფული არ უნდა გადავიხადოთ. ამიტომ დღეს მე უარი განვაცხადე ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, 2008 წელს, როდესაც გადაეცა ეს მიწა კონკრეტულ მოქალაქეს, გადაეცა არასწორად და, შესაბამისად, ამ არასწორად გადაცემულში დღეს სახელმწიფომ კომპენსაცია არ უნდა გადაიხადოს”, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

“შეიძლება გავამწვანოთ ან სხვა რამ გავაკეთოთ” – რას უპირებს მერია თაბორზე ოდიშარიას მიწას

მასალების გადაბეჭდვის წესი