პრემიერის განცხადებით, საქართველოს ყველა სკოლაში, სადაც საზოგადოება მოითხოვს, მოსწავლები ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყებენ საგალობლების შესწავლას.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეკლესიის თხოვნის შემდეგ, მთავრობამ უკვე 20 ასეთი სკოლა გახსნა, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს. კიდევ 6 საგალობლების შემსწავლელი ცენტრის გახსნას მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს.
“ეს საკითხი ეხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და ემოციურ საკითხსაც. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდსაც ჩემი ან ჩემი მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და ეძლევა მას სრულიად არასწორი ფორმა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გამოსვლაზე სტრასბურგში. მე ამ საკითხს ვუდგები სახელმწიფოებრივად. რა თქმა უნდა, ამავე დროს, ემოციური დატვირთითაც. ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
მე გავიზარდე ტრადიციულ, ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ჩემი ფასეულობები, ფასეულობათა სისტემა. მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრონციპით, რომელიც თქვა ერთ-ერთმა ყველა დროის ყველაზე დიდმა ქართველმა – ილია ჭავჭავაძემ: “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა”, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა/ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, თავის ღირებულებებს, თავის ეროვნულ საგანძურს, მას ვერ ექნება მომავალი, ისევე როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე და მომავალზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც მე და ჩემი თანაგუნდელები ყოველთვის ვხელმძღვანელობთ”, – ამბობს მთავრობის მეთაური.
პრემიერის განმარტებით, როდესაც საუბარია ქართული ფოლკლორის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე, რომლის ნაწილიც არის საგალობლები და პოლიფონია, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი: “ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში.”
მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ აღნიშნული ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის და აღნიშნავს, რომ მთავრობა ამას აუცილებლად გაითვალისწინებს.
“უფორ მეტიც – კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესებში და ქართველი ხალხის ინტერესებში”.