ნათია თურნავას წარდგენა გიორგი ქობულიას გარეშე

დღეს, 19 აპრილს, პერმიერ-მინისტრმა წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი, ნათია თურნავა. მინისტრის წარდგენას არ დასწრებია მისი წინარმორბედი, გიორგი ქობულია.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქობულია ძლიერი ეკონომისტი და პროფესიონალი ანალიტიკოსია:

“როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მაგივრად დაინიშნა ნათია თურნავა. გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაში, რომელსაც აერთიანებს ეკონომიკის სამინისტრო, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც ჩვენ, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება”, – თქვა პერმიერმა მთავრობსი სხდომის დაწყებამდე.

მამუკა ბახტაძემ ნათია თურნავაზეც ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ თურნავასთან მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება აკავშივრებს. ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ თურნავას აქვს ქვეყანაში არსებული სოციალური რეალობის სწორი აღქმა:

“აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ ნათიასან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10- წლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალინ სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემაახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან ერთად, რომ ჩვენი შეხედულებით, ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს საზოგადოებას. ის დავალებები და ვადები, რომლებიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და აქედან გამომდიანრე- მკაცრი. თუმცა ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ის გაართმევს თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი, ბახტაძემ განაცხადა, რომ თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებამ მთავრობის მიერ გაცემული დაპირებების შედეგები დაინახოს, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს:

“რაც შეეხება საუბარს და ვითომ უთანხმოებას, ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები და ოპერატოული გადაწყვეტილებები. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019-2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი დაახლოებით იქნება 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგაოდების ცხოვრება და პრობლემები შევამსუბუქოთ.

მაგრამ ამ ინვესტიციებსა და თანხას სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტური მართვა. თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც საზოგაოდებას დავპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.