ახალი ამბები

საია: სახელმწიფო არაჯეროვნად რეაგირებს ოჯახში ძალადობაზე

17 ოქტომბერი, 2014 • • 932
საია: სახელმწიფო არაჯეროვნად რეაგირებს ოჯახში ძალადობაზე
საია აცხადებს, რომ ყურადღებით სწავლობს ქალთა მკვლელობების შემთხვევებს და ერთ-ერთ საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვან რეაგირებასთან დაკავშირებით საჩივარს ამზადებს ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად.
 
 
საია მზადაა სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ასევე, დაღუპული ქალების ოჯახის წევრებს, და მათივე სურვილის შემთხვევაში, წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტებში.
 
 
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მიუღებელია, ქალთა მკვლელობების ფაქტებზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დღემდე არ გაკეთებულა ნათელი  და მკაფიო განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო არ შეეგუება ოჯახში ძალადობას და სათანადო პასუხს გასცემს მოძალადეებს.
 

იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რომელთაც აკისრიათ უპირველესი ვალდებულება მოახდინონ ეფექტური რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და გაიარეს არაერთი ტრენინგი შესაბამისი მიმართულებით, სახელმწიფოს რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე არაადეკვატური და არაეფექტურია.

 
საია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მიიღოს სასწრაფო ზომები დამნაშავეთა კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად და ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტური პრევენციისათვის და გააძლიეროს ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს.
 
 
“საია” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მისი გენდერული თანასწორობის საბჭოს და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომ მოსთხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური ანგარიშის წარმოდგენა იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც შსს ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მისთვის დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში და პროკურატურას – იმ საქმეებთან მიმართებაში, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და უზრუნველყოს ამ ანგარიშების განხილვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. 
 
 
“საია” მოუწოდებს პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, განსაკუთრებით რელიგიურ ინსტიტუტებს, საჯაროდ და უპირობოდ დაგმონ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, ამავე დროს, თავი შეიკავონ ყველა იმ მოქმედებისგან, რამაც შეიძლება თუნდაც არაპირდაპირ ხელი შეუწყოს  საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი