ახალი ამბები

ღარიბაშვილი: თვითგამორკვევა გულისხმობს, რომ აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას

17 ოქტომბერი, 2014 • • 1359
ღარიბაშვილი: თვითგამორკვევა გულისხმობს, რომ აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას

პრემიერ–მინისტრმა გუშინვე განაცხადა, რომ მას აქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, თუმცა ჯერ ამ საკითხის განხილვას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში განიხილავს, რომელიც შაბათს, 18 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზეც გააკეთა ერთგვარი განმარტება:

 

“თვითგამორკვევა, მე მინდა მოვუწოდო ყველას, ოპონენტებს, რომ კარგად გაარკვიონ, თვითგამორკვევა ეს არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებში, ეს გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას.

 

ჩემი ნათქვამი გამგებმა კარგად გაიგო და ვერ გაიგო პროვოკატორმა და ავანტიურისტმა, რომელმაც დაგვაკარგინა კოდორი, უამრავი ტერიტორია, რომლის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იყო 2008 წლის ომი და რომელმაც განაპირობა აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთის მხრიდან. სწორედ ეს არის სააკაშვილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა აფხაზეთთან მიმართებაში სიტყვა “თვითგამორკვევის” გამოყენებით საქართველოს მრავალწლიან სამართლებრივი ბრძოლა წყალში გადაყარა: “საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა.”

 

სააკაშვილის საპასუხოდ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

 

“ჩემს მიერ ხსენებული ე.წ თვითგამორკვევის ტერმინი, რომელიც ვითომ ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომლისგანაც მომდინარეობდა მთელი ის საშინელება, რაც ხდებოდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნურად გაშუქებული და სპეკულაციის საგანი მიეცა. მე და ჩემი გუნდი არ მივიღებთ არც ერთ სიტყვას ადამიანისგან, რომელიც იყო დანაშაულებრივი სისტემის, ადამიანების გატაცებების, წამების, გაუპატიურების და  მკვლელობების ფუძემდებელი და დღეს ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში.


ჩვენ, საუბედუროდ, გვიწევს სააკაშვილის მძიმე მემკვიდრეობის და მის მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომების გამოსწორება. მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ ორმა სახელმწიფომ უკან წაიღო ეს აღიარება, მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს ხუთმა სახელმწიფომ აღიარა. დღეს გამოდის და საუბრობს ავანტიურისტი კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, რეალურად  დაანგრია ქვეყანა”.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი აპირებს აფხაზეთთან გააფორმოს ახალი შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეაფასა, როგორც ანექსია. შეთანხმების მთელი რიგი მუხლები მიუღებელია სოხუმისთვისაც, რადგან მასში ხედავენ აფხაზეთის სუვერენიტეტის შელახვის საფრთხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი