ახალი ამბები

“მხოლოდ ცოლებს კლავენ!” – იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

17 ოქტომბერი, 2014 • • 1132
“მხოლოდ ცოლებს კლავენ!” – იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

“გვეყოს ცოლების, დების, მეგობრების, დედების ქალების მკვლელობა! მერამდენედ უნდა გაუხვრიტონ ქალს შუბლი, ჩაქოლონ, გააუპატიურონ, დაანაწევრონ, რომ პრობლემის სიმძაფრეს ჩავწვდეთ?! რომ მოვთხოვოთ სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება? 


გეყოთ, ქალებო! ირწმუნეთ და იგრძენით, რომ ძლიერები ხართ! დაიცავით სხვები და საკუთარი თავი! ნუ შეუწყობთ ხელს შემდეგ ძალადობას, რომლის ობიექტი შეიძლება თქვენ იყოთ!


გეყოთ, კაცებო! გახდით სოლიდარულები და არ მისცეთ საშუალება სხვებს ქალების ჩაგვრისთვის! თვალს ნუ დახუჭავთ, ნუ გადააბრალებთ სხვებს! ნუ დააკისრებთ მხოლოდ სხვებს პასუხისმგებლობას!

თავი უნდა დავიცვათ კრიმინალებისგან ! თავი უნდა დავიცვათ ძალადობის წინაშე უსუსურად ხელჩაქნეული სახელმწიფოსგან! ვაიძულოთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ!

გვეყო მკვლელობები!!!” – ასეთია აქციის ორგანიზატორების მიმართვა. 


დღევანდელი აქცია ეხმაურება ილიაუნის ლექტორის მკვლელობას ყოფილი ქმრის მიერ, ასევე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას “რუსთავი 2″–ის ეთერში 15 ოქტომბერს: “საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, ამას აჩვენებს ის ციფრები, რომელიც დათვლილია სხვადასხვა მეთოდით და გადაჯერებულია ერთმანეთთან. არის ერთადერთი ადგილი, სადაც მართლაც წელს აგრესიამ იმატა: ქმრები კლავენ ცოლებს. კაცების მხრიდან ქალების წინააღმდეგ იმატა. მეტი არსად კრიმინალი არ გაზრდილა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი