ახალი ამბები

„ევროპული საქართველოს“ აქციაზე დააკავეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია

18 აპრილი, 2019 • 2299
„ევროპული საქართველოს“ აქციაზე დააკავეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია

18 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ საპროტესტო აქციაზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, ზაზა დავითაია დააკავეს.

„ევროპული საქართველო“ აქცია-მსვლელობას მართავდა სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ლოზუნგებით „კლანი უნდა წავიდეს“, „სასამართლო კლანის გარეშე“ და ა.შ..

რუსთვი2-ის თანახმად, როდესაც მსვლელობისას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე მედიას და უზენაესი სასამართლოს წევრებს მიმართავდა, დავითაიამ მას ძველ საქმეებთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა.

არხის თანახმადვე, პარტიის წევრებმა მას სთხოვეს, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით სხვა დროს ესაუბრა შავგულიძესთან, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა. ვიდეოში ისმის, რომ დავითაიას აქციის მონაწილეები პროვოკატორს უწოდებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კადრებში ჩანს, რომ შავგულიძესთან სიტყვიერი დაპირისპირებისა და აქციის მონაწილეებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ დავითაიას პოლიცია მანქანაში სვამს და ტერიტორიას ატოვებინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი