ახალი ამბები

არასამთავრობოების ნაწილი რეესტრის დამცავი კოდის მოხსნას ითხოვს

16 ოქტომბერი, 2014 • • 970
არასამთავრობოების ნაწილი რეესტრის დამცავი კოდის მოხსნას ითხოვს

“რამდენიმე კვირის წინ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის კომპანიების ძიების განყოფილებას დაემატა ე.წ. დამცავი კოდი (captcha), რომელიც მომხმარებელს სთხოვს მონაცემების ნახვამდე სპეციალურ გრაფაში რამდენიმე სიმბოლო შეიყვანოს. ამ ბარიერის გადალახვა მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებიც ეკრანზე გამოხატულ სიმბოლოებს ხედავენ. შედეგად, საიტზე წვდომა შეუძლებელი გახდა სხვადასხვა პროგრამებისათვის, რომელთა მეშვეობითაც ხდება ვებგვერდზე არსებული მონაცემების ავტომატურად ჩამოტვირთვა და დამუშავება. აღნიშნული შეზღუდვა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს,”- წერია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციებმა გაავრცელეს.  

 

განცხადების ავტორები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ჯამპსტარტ ჯორჯიას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სტუდია „მონიტორის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვებგვერდზე განხორციელებული ეს ცვლილება საზოგადოებას საჯარო რეესტრის მონაცემებზე წვდომის კუთხით მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს.

 

“მედიისა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ მონაცემებს ხშირად იყენებ და ამუშავებენ (მათ შორის, ავტომატური საშუალებებით) ხელისუფლების წარმომადგენლებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. მაგალითისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ოპერირებას უწევს ვებგვერდს www.companyinfo.ge, რომელიც ინფორმაციას საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან სწორედ ავტომატური პროგრამის საშუალებით ტვირთავს და ამუშავებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წერილით მიმართა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე „დამცავი კოდის” ჩამოშორების თხოვნით, თუმცა არც ერთ ამ უწყებას ჯერჯერობით წერილზე პასუხი არ გაუცია.”

 

ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაციის ღიაობის უზრუნველყოფის კუთხით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

 

“საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მონაპოვარია, რაც ხელისუფლების ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას უწყობს ხელს, ხოლო  მოქალაქეებს კი საშუალებას აძლევს აკონტროლონ ხელისუფლების საქმიანობა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო და უფრო მარტივი ხდება მოსახლეობისთვის ღია მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფა და, შესაბამისად,  ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ისწრაფოდეს, რომ უკეთ განავითაროს მოქალაქეებისათვის ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა. 

 

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, საჯარო რეესტრის ვებგვერდს ჩამოაშოროთ დამცავი კოდი, რომელიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კვლევებისათვის აუცილებელ მონაცემებზე წვდომას უზღუდავს.”


მასალების გადაბეჭდვის წესი