ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე „ყაზბეგი ჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ფერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყაზბეგი ჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლაშა იორდანიშვილი, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, „ყაზბეგი ჰესი“ ს საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია.
“ეს არის ქართული ინვესტიცია. კომპანია “ფერის” სექტორში გამოცდილი ინვესტორის კიდევ ერთი წარმატებულად განხორციელებული პროექტი. ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის კი ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ცარიელ უსაფუძვლო დემაგოგიაზე. მეორე მხრივ, მინდა აღვნიშნო ამ ჰესის რეგიონული, პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონების გამოცოცხლებაა,”- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს, 16 ოქტომბერს.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო.
“მშენებლობის პერიოდში, სხვადასხვა ეტაპებზე, დასაქმებულთა რაოდენობა 80 ადამიანს შეადგენდა, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. ამჟამად სადგურის პერსონალი 22 მუდმივ დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. შ.პ.ს ფერს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს . ფერი – „ხადორი 2 ჰესის“, „ლარსი ჰესის“ და „შილდა ჰესის“ მშენებელი კომპანიაა,”- წერია ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში.