დღეს, 17 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქმის განხილვა თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე. საია ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის პასუხისმგებლობის დადგენას იმის გამო, რომ მათ ვერ მოახერხეს ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.
საიას ინფორმაციით, ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელიც ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორც ფემიციდის ფორმის პრევენცია. ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 2019 წლის 2 მაისს გამოაცხადებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზესთან დაკავშირებით თვითმკვლელობის ფაქტამდე ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო.
საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავება, რომელსაც ტრაგიკული შედეგი – თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას ეხებოდა, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახდინეს.