თუმცა, როგორც მინისტრი განმარტავს, კარასინი-აბაშიძის პრაღის შეხვედრის მორიგი რაუნდის გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს:
“როცა საჭიროდ ჩამითვლია, არ მოვრიდებივარ იმის თქმას, რომ კარასინთან შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია! ეს ფორმატი ემსახურებოდა გადაწყვეტადი საკითხების განხილვას! მისი ამოცანა შესრულებულია! თუმცა არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ანექსიის განზრახვის შესრულების დაუშვებლობაზე პირდაპირ ეთქვას კარასინს! დიპლომატები კარიბის კრიზისის ყველაზე მწვავე დღეებშიც კი განაგრძობდნენ ლაპარაკს! სხვათა შორის, მზვერავებიც! ასე რომ, ამ ერთი შეხვედრიდან ნუ გადავაქცევთ ნურც თეირან-43-ს და ნურც მოლოტოვ-რიბენტროპის აქტს! უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერებს აფხაზეთის ფორმალურ ანექსირებას, ორმხრივი კომუნიკაციის არხი თავის თავს წურავს და ჟენევის ფორმატი კვლავ დარჩება ერთადერთ ფორუმად! ამავე დროს, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი: 1. ყირიმის ანექსიის გაგრძელებაა აფხაზეთის ანექსია! 2. რუსეთი არის აგრესორი! 3. საქართველო არის რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიული ქმედებების რეალური საფრთხის წინაშე”, – წერს პეტრიაშვილი ფეისბუკზე და დასძენს, რომ საჭიროა ძალთა სრული მობილიზება საერთაშორისო ფრონტზე საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღების მიზნით:
“აქ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ პარლამენტარებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. საჭიროა ფართო საზოგადოების, მედიის და ექსპერტული თანამეგობრობის კონსოლიდაცია და არა ნიშნის მოგებით, არა აპოკალიპტური სურათის დახატვით, არა პოლარიზების ხელშეწყობით და კონსპირაციების ქსოვით, ვინ რომელ ბანაკში აღმოჩნდება, არამედ ანექსიის საფრთხის წინა პლანზე წამოწევით, საზოგადოებრივი ჩართულობის ამაღლებით, წინ აღვუდგეთ ცუნამის სისწრაფით მზარდ ახალ საფრთხეს. თორემ ბოლოს მართლა ამოვყოფთ ყველა ბანაკში თავს. ოღონდ ეს არტეკიც კი აღარ იქნება, არამედ იქნება თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი, რომლიდანაც თავის დაღწევას შეიძლება ისევ ათწლეულები და თაობები დასჭირდეს”, – აცხადებს პეტრიაშვილი.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის ახალი შეთანხმების პროექტი ორშაბათს გასაჯაროვდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ხელისუფლებას ურჩია, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვან, რადგან დოკუმენტი აფხაზეთის ანექსიისაკენაა მიმართული. მიუხედავად ამისა, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე კარასინთან შესახვედრად მაინც გაემგზავრა პრაღაში და განაცხადა, რომ თედო ჯაფარიძეს “მუხრუჭებმა უმტყუნა”.
საქართველოს მთავრობის მეთაური ჯერ კიდევ ზაფხულში ყირიმის სიტუაციის აფხაზეთთან შედარებისაგან თავს იკავებდა:
“ყირიმის სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შედარება „დიდი შეცდომაა“, -civil.ge-ს ცნობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივნისს BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ რამდენადაც მან იცის, რუსეთი ამ ორი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიაში დაინტერესებული არ არის“.