ახალი ამბები

გირჩი ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ საკუთარ კრიპტოვალუტას სთავაზობს

17 აპრილი, 2019 •
გირჩი ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ საკუთარ კრიპტოვალუტას სთავაზობს

“გირჩი” მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მათი კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ ამომრჩევლებს პარტიის მიერ შექმნილ ელექტრონულ ვალუტას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძის თქმით, გირჩისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარლამენტში ერთი კანდიდატი შეიყვანონ და ამისთვის მზად არიან, მთაწმინდის ამომრჩევლებს მათ მიერვე შექმნილი ელექტრონული ვალუტა, ქართული დოლარი შესთავაზონ, რომლის გამოყენებაც მოალაქეებს, მისი თქმით, ორი დანიშნულებით შეეძლებათ:

“ერთი, ეს არის, რომ დაგროვილი ჯეტებით ნებისმიერი მოქალაქე ხდება გირჩის ორგანული ნაწილი და შეეძლება მიიღოს მონაწილეობა გირჩში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში.

მეორე დანიშნულება არის გირჩის მიერ დაგეგმილ სახელმწიფო მართვაში არსებული ქონების პრივატიზების პროცესში გამოყენება. ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, მინდვრები, მდელოები, ტყეები, მთები, ყველაფერი არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრება, რომელიც ჩვენ წაგვართვეს ბოლშევიკებმა და ეს ქონება არის დასაბრუნებელი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ქონება დავუბრუნოთ მოქალაქეებს,” – თქვა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, თითოეულ მიღებულ ხმაზე გირჩი  გასცემს 50 დოლარის ეკვივალენტ GeD-ს, რაც მომავალში, მათი გათვლით, 5000 დოლარის ეკვივალენტი იქნება.

იმ ადამიანებს კი, რომლებიც კარდაკარ ივლიან და მოსახლეობამდე გირჩის სათქმელს მიიტანენ, პარტია  900 დოლარის ეკვივალენტ 90 GeD-ს გასცემს. გირჩის სახელით საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ პირებს კი, 500 დოლარის ეკვივალენტ GeD-ს მისცემენ, რაც, ჯაფარიძის თქმით, მომავალში 50 000 დოლარის შესაბამისი იქნება:

“თითოეული მხარდამჭერი, რომელიც მთაწმინდაზე გადმოეწერება, მიიღებს 200 დოლარის ეკვივალენტ 20 000 GeD-ს, რომელიც მომავალში შეესაბამება 20 000 დოლარს. ჩვენ დღეს ვაცხადებთ მზაობას, რომ 100 მილიონი GeD, ჩვენი ციფრული ვალუტა, გავანაწილოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმას მოგვცემენ ან ჩაერთვებიან ამ პროცესში.

ეს ნიშნავს, რომ გირჩი ამ ადამიანებს 2020 წლის არჩევნებში, ჯამში, ექნებათ ისეთივე წონა გადაწყვეტილების მიღებაში, რა წონაც აქვთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს იღებენ გადაწყვეტილებას გირჩში. ჩვენ რაც შევქმნენით გირჩში სამი წლის განმავლობაში, იმის ნახევარს ვთმობთ არჩევნების მოსაგებად მთაწმინდაზე”, – ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული შეიძლება გაგებული იქნას, როგორც გირჩის აქციების 50 პროცენტის გადაცემა იმ ადამიანებისთვს, რომლებიც პარტიის სასარგებლოდ იმოქმედებენ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოში ზედმეტად რეგულირდება. ხმების მოსყიდვის საკითხი კი, მისი აზრით, უშინაარსო და უაზროა. ჯაფარიძის მოსაზრებით, სისტემა სინამდვილეში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პოლიტიკური ნების ინსტრუმენტადაა ქცეული.

 

გირჩი ამომრჩევლების მოსყიდვას იწყებს ?

Posted by გირჩი / Girchi on Wednesday, 17 April 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რომელიც საარჩევნო პერიოდში პარტიების ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

“ნეტგაზეთი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა. ცესკოში ამბობენ, რომ ამ ტიპის დავებს კომისია არ განიხილავს და  თუ მოსყიდვის კომპონენტი გამოჩნდება, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. მოსყიდვის დადასტურების შემთხვევაში კი სასამართლოს გადაწყვეტილებით საარჩევნო სუბიექტს რეგისტრაცია უჩერდება:

“საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ტიპის დავებს არ განიხილავს. პირველ რიგში უნდა მოხდეს ასეთი ფაქტის დადასტურება, ეს დადასტურება ხდება სასამართლოში და სასამართლოში ასეთი ფაქტის, მოსყიდვის შემადგენლობის დადასტურების შემთხვევაში უჩერდება საარჩევნო სუბიექტს რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით” – უთხრა “ნეტგაზეთს” ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი