ახალი ამბები

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გუშინ გამართა

15 ოქტომბერი, 2014 •
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გუშინ გამართა

ინფორმაცია სხდომის შესახებ “ფეისბუკში” ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ განთავსდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა  რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის შეთანხმების საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

 

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციში გააკეთა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის შეთანხმების გაფორმება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. 

 

“რუსეთსა და აფხზეთს შორის დადებული ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ასეთი ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს მდგომარეობას შავი ზღვის ქვეყნების აუზში. ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს და სულისკვეთებას. ეს ხელშეკრულება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში, გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დაცვა რეგიონში; რელური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზობის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 
 
პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს უშიშროების საბჭომ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

 

ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ საღამოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. 

 

სხდომას უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაესწრნენ.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი