შსს-ს განმარტება: ქულები მძღოლს ჩამოაკლდება და არა ავტომობილის მფლობელს

ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილებებია დაგეგმილი, რომლებიც ქულების ჩამოკლების სისტემის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემაზე მიბმას უკავშირდება. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტის შესახებ განმარტებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ნინო ჯავახაძემ გააკეთა ტელეიმედის ეთერში.

“თუ ავტომობილის მფლობელი გაასაჩივრებს ჯარიმას და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოიყვანს პირს, რომელიც საჭესთან იჯდა და სამართალდარღვევა ჩაიდინა, და ეს პირი აღიარებს სამართალდარღვევას, უკვე პასუხისმგებლობა დაეკისრება მძღოლს და არა მფლობელს. ეს დღესაც ასე მოქმედებს უკვე არსებული ჯარიმების პირობებში, რომელსაც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა წერს. რაც შეეხება უკვე ქულათა სისტემის მიბმას ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიბმაზე, აქაც ანალოგიური მექანიზმი იქნება.

თუ პირი ავტომობილს ფლობს, თუმცა მართვის მოწმობა არ აქვს, ბუნებრივია, ქულათა სისტემა მასზე ვერ იმოქმედებს და ქულები ვერ ჩამოაკლდება, თუმცა ანალოგიურად, როგორც დღეს ხდება, დაეკისრება ჯარიმა და თუ ამ ჯარიმის მოხსნა უნდა, მან უნდა გაასაჩივროს და მოიყვანოს მომსახურების ცენტრში ის მძღოლი, რომელმაც რეალურად სამართალდარღვევა ჩაიდინა და მას ჩამოაკლდება ქულებიც და დაეკისრება პასუხისმგებლობაც”, – განუცხადა ნინო ჯავახაძემ ტელეიმედს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე პარლამენტში და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.