კურიერის ცნობით, მაშკევიჩი, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა, დავით სერგეენკოსა და გიორგი კვირიკაშვილს, ასევე, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და დეპუტატ დავით საგანელიძეს შეხვდა.
მაშკევიჩს რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი აინტერესებს, არაერთხელ დაადასტურეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა –ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
“მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას”, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა 2013 წელს. ალექსანდრე მაშკევიჩი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.
ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს ჯერჯერობით ვერ უპასუხეს კითხვაზე, შეხვდა თუ არა სერგეენკო მაშკევიჩს. დეპუტატ დავით საგანელიძეს ტელეფონი გამორთული აქვს.
58 წლის ისრაელელი მილიარდელი ალექსანდრე მაშკევიჩი „ფორბსის“ სიაში უმდიდრეს ისრაელის მოქალაქეებს შორის 3,7 მილიარდი დოლარის კაპიტალით მე–6 ადგილზეა.