ახალი ამბები

სალაძე: “ოცნებას” ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარება ნაწილობრივ მაინც მოუწევს

16 აპრილი, 2019 • 912
სალაძე: “ოცნებას” ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარება ნაწილობრივ მაინც მოუწევს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების წესის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს ეხება, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი:

“პირველი, ეს არის საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ნაწილი, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ გამოცდა არ უნდა იყოს კანდიდატების შერჩევისას შემზღუდავი გარემოება. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა დისკუსია და პარლამენტი ჯიუტად გვითითებდა, რომ ეს აუცილებელი პირობაა. ჩვენ ვამბობდით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გარედან მოხდეს კადრების შედინება სასამართლო სისტემაში. დღეს ამის მექანიზმი დარჩენილია მხოლოდ უზენაეს სასამართლოში.

მეორე ნაწილი ეხება ინტერესთა კონფლიქტს. პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან კონკრეტული პირი, რომელიც მონაწილეობას გადაწყვეტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან იყოს კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, საერთოდ უნდა ეთიშებოდეს პროცესს და მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობა კი არ უნდა ეკრძალებოდეს, მთლიანად უნდა იყოს დისტანცირებული ამ პროცესისგან”, – ამბობს საიას თავმჯდომარე “ნეტგაზეთთან”.

სულხან სალაძის თქმით, კომისიის დასკვნაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩანაწერი, სადაც კომისია აღნიშნავს, რომ უზენაეს სასამართლოში არსებული ყველა ვაკანსია ერთდროულად არ იყოს შევსებული:

“ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ ყველა ვაკანსია უზენაეს სასამართლოში არ იყოს ერთდროულად შევსებული.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია, ალბათ, დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ კონსტიტუციით ეს რაოდენობა განსაზღვრულია და ეს რაოდენობა უნდა იყოს წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში, ფაქტია ერთი რამ, პრაქტიკულად ყველა ვთანხმდებით ამ ქვეყანაში, რომ საბჭოს ამ შემადგენლობის მიმართ ნდობა არის კრიტიკულად დაბალი და ამ შემადგენლობას არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მათ ბოლომდე დააკომპლექტონ უზენაესი სასამართლო პარლამენტის საშუალებით, რა თქმა უნდა”, – ამბობს სალაძე.

მისი თქმით, ახლა ჯერი “ქართულ ოცნებაზეა”, რომელსაც სალაძის თქმით, ნაკლები დისკომფორტი შეექმნებოდა, თუ ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებოდა და იურიდიული კომიტეტის სხდომას ამის შემდეგ ჩაატარებდა:

ახლა ჯერი არის ქართულ ოცნებაზე. მათ ღიად უნდა განაცხადონ, რა ნაწილში და რა ფორმით იზიარებენ აღნიშნულ დასკვნას. მათ შორის, უნდა გვითხრან, რატომ იზიარებენ, თუ იზიარებენ, და რატომ ჩაატარეს გუშინდელი სხდომა. ფაქტია ერთი რამ, რომ არ ყოფილიყო გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომა და ჯერ ვენეციის დასკვნას დალოდებოდნენ, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მთელი ეს პროცესი და მათ შორის ბევრად უფრო ნაკლები დისკომფორტი ექნებოდა ქართულ ოცნებას, თუკი საერთოდ დისკომფორტი არის რაიმე ფორმით.

მე მგონია, რომ ბოლომდე ამ პროცესს “ქართული ოცნება” ვერ გაექცევა. რაღაც ნაწილის გათვალისწინება ყველა შემთხვევაში მოუწევთ. დანარჩენი, რა ფორმით და როგორ, ამაზეც სიამოვნებით მოვისმენ მათ მოსაზრებებს ჯერ, პირველ რიში, რა ნაწილში იზიარებენ, შემდეგ კი, რა ფორმით აპირებენ ამ ყველაფრის ასახვას კანონპროექტში”, – ამბობს სალაძე.

მისი თქმით, ვენეციის კომისია საუბრობს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი და მნიშვნელოვანია ამ მოსაზრების გათვალისწინება.

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი