ახალი ამბები

ხანძრის შედეგად დაზარალებული დევნილების გასაჭირი და ცეცხლის გაჩენის ვერსია

14 ოქტომბერი, 2014 • • 2278
ხანძრის შედეგად დაზარალებული დევნილების გასაჭირი და ცეცხლის გაჩენის ვერსია

ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილები დროებით საცხოვრისში გადავლენ, ექნებათ საკვები და შეექმნებათ ის მინიმალური პირობები, რომელიც საჭიროა საცხოვრებლად.


ხანძრის შედეგად დამწვარი სახლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე. 14.10.2014. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ხანძრის შედეგად დამწვარი სახლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე. 14.10.2014. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

“ჩვენი მობილური ჯგუფი წავა და საკვებით უზრუნველყოფს ამ ოჯახებს. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ალტერნატივაზე, რომელიც მისაღები იქნება ყველა ოჯახისათვის და მაქსიმალურად მოერგება მათ საჭიროებებს და ინტერესებს. ასე რომ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს. აღსრულებისთვის და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, ბუნებრივია, დაგვჭირდება გარკვეული დრო. მერიაში მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მსგავსი სიტუაციების მართვის მექანიზმი უკეთესად იყოს დალაგებული და მათ ყოველ ჯერზე არ უწევდეთ ოპერატიულად გადაწყვეტილებების მიღება,” – განაცხადა ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ.

 

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რა სახის კომპენსაციას მიიღებენ დაზარალებულები. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგეობაში ამ დრომდე მსჯელობენ.

 

დევნილთა ნაწილი ხელისუფლებას სთხოვს, რომ საცხოვრებლად ახალი ფართები გამოუყონ, ან იმ ოდენობის ფულადი კომპენსაცია გასცენ, რითაც შესაძლებელი იქნება ახალი ბინების შეძენა. რამდენიმე დაზარალებული დევნილი, მათ შორის ქეთევან ქარდავა ხანძრის გამომწვევ მიზეზად თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  ინტერესებს უკავშირებს. ერთ-ერთი დევნილის განცხადებით, ამავე შენობაში ერთი წლის წინაც გაჩნდა ხანძარი:

 

“კლინიკის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ დაგიმტკიცებთ ბინებს სხვაგანო. ეს ყველამ იცოდა. ნულიდან დავიწყეთ, ვიწვალეთ და ყველაფერი შევიძინეთ. ჩვენ ვცხოვრობდით სოხუმში და კარგი ცხოვრება გვქონდა ნანახი. ახლა კიდევ რაღაცებს ეპოტინებოდნენ და ეს ადგილი უნდოდათ,” – ამბობს ქარდავა.

 

ფრიდონ თოდუა დევნილთა ნაწილის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ თავის დროზე ამ ფართების დაკანონებაში ამ ადამიანებს თვითონ დაეხმარა.

 

ჰქონდა თუ არა ფრიდონ თოდუას ამ შენობის მიმართ ინტერესი და ესაუბრა თუ არა დევნილებს, ამის შესახებ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი “ნეტგაზეთს” პასუხობს:

 

“ფრიდონ თოდუას ჰკადრებთ თქვენ ამას? რაში მჭირდება იმ საწყალი ხალხის სახლები? მე ვიყავი ერთ–ერთი კაცი, ვინც ეხმარებოდა მათ ბინების დაკანონებაში. ეს ტერიტორია ჩვენ არ გვჭირდება არაფერში. ისიც გვეყოფა, რაც გვაქვს. ნეტა იმას მოვუაროთ… ამ შენობის დაკავება კი არა, რაც მაქვს, იმას რა ვუყო, არ ვიცი. პირიქით, თავის დროზე მათ დავეხმარე, რომ დაეკანონებინათ ფართები. ჩვენ არაფერში გვჭირდება მათი ტერიტორია. გვეყოფა ჩვენი კლინიკა, მეტი არ გვჭირდება.”

 

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელ შენობაში ცეცხლის კერები ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია. შენობას ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა, რომლის გამომწვევ მიზეზებსაც ექსპერტები ინციდენტის ადგილზე ახლაც იკვლევენ.

თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის, კობა ბრეგვაძის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. მისი თქმით, სამსართულიანი შენობის მესამე სართულიდან სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა 30 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ადგილზე მომუშავე მედპერსონალის ცნობით, შენობაში მცხოვრებ მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ შექმნიათ. რამდენიმე ადამიანს წნევამ აუწია, ხოლო ერთმა მოქალაქემ ფეხის მცირე დაზიანება მიიღო, რომელსაც ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი