ახალი ამბები

ნინა წკრიალაშვილის კადრების საქმეზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს, გამოძიება გრძელდება

16 აპრილი, 2019 • 3968
ნინა წკრიალაშვილის კადრების საქმეზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს, გამოძიება გრძელდება

მომღერლისა და ტელეწამყვანის, ნინა წკრიალაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს. როგორც წკრიალაშვილი ამბობს, ყოფილი პარტნიორი, გიორგი შელეგია, რომელმაც მისი ტელეფონის გატეხვა დაუკვეთა, ახლაც ემუქრება. შსს ამბობს, რომ საქმის გამოძიება გრძელდება. შელეგია ბრალდებას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ საქმეზე ერთ პირს 2019 წლის თებერვალში წაუყენეს ბრალი [ეს არ ნიშნავს, რომ იგი დაკავებულია], თუმცა გამოძიება „დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით გრძელდება“.

ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 აპრილს მიაწოდა. ნეტგაზეთი მას შემდგ დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება, რაც წინა დღით ნინა წკრიალაშვილმა განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან მისი ყოფილი პარტნიორი, გიორგი შელეგია დგას.

წკრიალაშვილს რამდენიმე თვის წინ გაუვრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მისი თქმით, ამის შემდეგ კადრებს გამუდმებით ტვირთავდნენ სხვადასხვა საიტზე.

ნინა წკრიალაშვილმა კადრების გავრცელებაზე სავარაუდო პასუხისმგებელი პირი 15 აპრილს რუსთავი 2-ის ერთ-ერთ გადაცემაში დაასახელა. როგორც მომღერალმა თქვა, იგი მას ახლაც ემუქრება: „ძა­ლი­ან ვრის­კავ, ამას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღა­ც­ე­ბი მოჰ­ყვეს, მაგ­რამ არ მეშინია. ეს ადამი­ა­ნი მე­მუქ­რე­ბა და ბევ­რმა მი­თხრა, დღეს თუ არა, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში სიურპრიზებს ელო­დეო“.

წკრიალაშვილის თანახმად, ზუს­ტად იცის, რომ ტელეფონის „გატეხვისა“ და კადრების გავრცელების შემ­კვე­თი არის ადამიანი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომანი ჰქონდა და „ცუდად დაშორდა“, მან კი ამ გზით „გადაუხადა სამაგიერო“.

შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს [სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 284-ე მუხლების პირველი ნაწილებით. პირველი მუხლი 3 წლამდე, მეორე კი — ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს].

შსს-ს განცხადებითვე, „დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით“.

განახლება, 25 აპრილი: ნეტგაზეთი რედაქცია შელეგიასგან საპასუხო კომენტარის მიღებამდე მის სახელს სპეციალურად არ ასახელებდა. 25 აპრილს ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში შელეგიამ უარყო მისი ბრალდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი