ახალი ამბები

ადამიანის გატაცების საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე

14 ოქტომბერი, 2014 • • 1714
ადამიანის გატაცების საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე

სასამართლო ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე,15 ოქტომბერს, 11:00 საათზე იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 9–დან 14 წლამდე ითვალისწინებს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი – 52 წლის დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი – 37 წლის ჯემალ შონია, ასევე, 31 წლის ალექსანდრე ჭანტურია და 36 წლის გიორგი ქალდანი 12 და 13 ოქტომბერს დააკავეს.

 

პოლიციის ცნობით, 13 ოქტომბერს საგურამოში  გაათავისუფლეს სამი დღით ადრე გატაცებული სოსო გიორხელიძე, რომლის გამოსასყიდის სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი მოითხოვეს გამტაცებლებმა.

გატაცებულის მამა როინ გიორხელიძე შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, რომ მას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა და პირადად დაპირდა, რომ გატაცებულ შვილს უვნებელს დაუბრუნებდა.

გიორხელიძის გატაცებას გამოეხმაურნენ “ქართული ოცნებისა” და მთავრობის წევრები, რომლებმაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გატაცება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირეს.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორხელიძის გატაცებაში “ნაციონალური მოძრაობის” კვალი დაინახა “გონივრული ეჭვის” საფუძველზე. პრემიერის თქმით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ადამიანებს იტაცებდნენ და აწამებდნენ.

 



“ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის სახე და ხელწერა. ეს ადამიანები, ეს კრიმინალები, მუშაობდნენ სოდ–ში და კუდ–ში, რომლებიც მე გავყარე, როცა მინისტრად დავინიშნე ორი წლის წინ”, – ამბობს ღარიბაშვილი.

თუმცა “გონივრული ეჭვის” შედეგად გამოთქმული ბრალდების მიუხედავად, პრემიერი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს გამოძიება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს:

 

“ეს, რა თქმა უნდა, გასარკვევი არის და მე ვიცი, რომ მინისტრი მუშაობს იმაზე, თუ ვინ დგას ამის უკან. ეს შემთხვევითი არ არის და ძალიან გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ხელწერა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. მინდა საბოლოო გაფრთხილება მივცე, რომ გონს მოეგონ.”

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრემიერმა საკუთარი შეფასებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.  

სოსო გიორხლიძის გატაცებაში ბრალდებულები
სოსო გიორხლიძის გატაცებაში ბრალდებულები


იურისტი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი მაღალი თანამდებობის პირია და მისი განცხადება გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობაზე და საქმის პოლიტიზებას უწყობს ხელს:

“ხშირია შემთხვევები, როცა ამა თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობენ მაღალი თანამდებობის პირები, ამ შეფასებების დროს ხშირად ხდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შემთხვევები და ამ თემის დაკავშირება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. გამოძიებას არ უნდა უსწრებდეს წინ პოლიტიკური პირების განცხადებები და შეფასებები და პროგნოზები”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

მუშაობს თუ არა გამოძიება აღნიშნულ საქმეში ნაციონალური მოძრაობის კავშირთან დადგენის მიმართულებით, რა თანამდებობებს იკავებდნენ სოდ–ისა და კუდ–ის დაკავებული თანამშრომლები და როდის დაითხოვეს ისინი სამსახურიდან? – ამ კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს. 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ცილისწამებას უწოდებს. პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობა ამ გზით საკუთარი წარუმატებლობების გადაფარვას ცდილობს. 

 

“მისი [ღარიბაშვილის] ეს განცხადება მიუთითებს, რომ მთავრობამ დაკარგა კონტროლი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მიზნით არ ერიდება არანაირ სიბინძურესა და ცილისწამებას. როგორც ჩანს, მთავრობაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკური წარუმატებლობები, შეუსრულებელი დაპირებები, უმუშევრობის და კრიმინალის ზრდა, გადაფარულ იქნას უსაფუძვლო ბრალდებებით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ.” 

 

პოლიციის ცნობით, ჩხრეკისას ამოიღეს 289 100 აშშ დოლარი, 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 228 ვაზნა, 4 ხელყუმბარა, 1 ხიშტ-დანა, 4 ნიღაბი და 4 წყვილი ხელთათმანი.

 

სამართალდამცველებმა დურმიშხან ღვაჩლიანის პირადი ჩხრეკისას- 900 დოლარი და მარიხუანა, ხოლო გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას- „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი ამოიღეს, – აცხადებს პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი