ახალი ამბები

სულხან სალაძე მოქმედ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

15 აპრილი, 2019 • 940
სულხან სალაძე მოქმედ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ ესაუბრა მოქმედ მოსამართლეს, რომელზეც ზეწოლას ახდენენ.

სალაძის თქმით, პირს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, ჩაკეტილ სამუშაო ოთახში ამობეჭდილი ფურცელი დახვდა უცენზურო გამოსახულებით. საიას თავმჯდომარე აღნიშნულს ყველა იმ მოსამართლეზე ზეწოლად აფასებს, რომლებიც სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობას ცდილობენ:

„ეს ადამიანი, ვისთანაც მე მქონდა საუბარი, როგორც ამბობდა, ჩაკეტილი ოთახი იყო, რომლის გასაღებიც მას ჰქონდა, მეორე დღეს დახვდა ღია და სამუშაო მაგიდაზე იყო ფურცელი ამობეჭდილი პრინტერიდან, სადაც უცენზურო გამოსახულება იყო წარმოდგენილი. მოქმედი მოსამართლეა.

ეს იყო შეტყობინება და მესიჯი კონკრეტული მოსამართლის მისამართით, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად იყო მისი ადგილი და უნდა სცოდნოდა, ვინ არის სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირი. დეტალებზე არ შემიძლია ვისაუბრო. საუბარი მქონდა კონფიდენციალურობის გარანტიით. მე ვფიქრობ, ეს იყო შეტყობინება ყველა იმ მოსამართლის მიმართ, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, იყვნენ ამ სისტემაში დამოუკიდებლები”, – უთხრა სალაძემ რუსთავი 2-ს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ საკითხზე კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს და მიიჩნევს, რომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო:

“ხომ არ ჯობია, ჯერ მას ვკითხოთ [სალაძეს] დავაკონკრეტებინოთ, რას გულისხმობს და რას ეხება საკითხი. ამის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”, – უთხრა მიქაუტაძემ ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი