ახალი ამბები

სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი მომიტინგე სტუდენტებს შეხვდა

14 ოქტომბერი, 2014 •
სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი მომიტინგე სტუდენტებს შეხვდა

ახალმა რექტორმა სტუდენტებს სამომავლოდ შესთავაზა შეხვედრის გამართვა, სადაც, მისი თქმით, ყველა ის პრობლემა იქნება განხილული, რომელიც მათ აწუხებთ.


“ეს შეხვედრა სავარაუდოდ არასდროს შედგება და გუგუშვილმა უბრალოდ ჟურნალისტებთან მოიწონა თავი”, – ამბობს აკადემიის ყოფილი ლექტორი ლუიზა ლაფერაძე, რომელიც აცხადებს, რომ თუ სტუდენტებსა და რექტორს შორის მსგავსი შეხვედრა მართლაც გაიმართება, ის საჯარო ფორმატში, ჟურნალისტების თანდასწრებით უნდა ჩატარდეს.


სამხატვრო აკადემიასთან სტუდენტები დღეს, 14 ოქტომბერს, 10:00 საათის შემდეგ შეიკრიბნენ. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, რომლითაც გუგუშვილი აირჩიეს, 09:00 საათზე ჩატარდა. სტუდენტები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ რელაურად არჩევნები დაგეგმილზე უფრო ადრე იმიტომ ჩაატარეს, რომ აქციის გამართვას აპირებდნენ. ისინი ამბობენ, რომ აკადემიის მთავარ კარზე დააკაკუნეს, რომელიც ჩაკეტილი დახვდათ. სტუდენტებმა, რომლებიც რექტორის პოსტზე გუგუშვილის არჩევას აპროტესტებენ, შენობასთან სიმბოლურად მიიტანეს ყვავილები და შოკოლადი. მათი განცხადებით, ამ გზით ირონიულად მიულოცეს გია გუგუშვილს არჩევნებიში გამარჯვება. მოგვიანებით ეს საჩუქარი მათ თავად გუგუშვილს გადასცეს.

 

დაახლოებით 12:30 საათზე სტუდენტები სამხატვრო აკადემიის ღობის ქვეშ გაძვრნენ, შემდეგ შენობის დერეფანში შევიდნენ და გუგუშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.  აკადემიის ადმინისტრაციამ პატრული გამოიძახა იმ მოტივით, რომ არასამუშაო დღეს სტუდენტებს იქ ყოფნის უფლება არ აქვთ. საბოლოოდ, გუგუშვილი მათთან შესახვედრად გამოვიდა. 

 

დღევანდელი აქციის მონაწილეები ხვალ სამხატვრო აკადემიაში კიდევ ერთი აქციის გამართვას გეგმავენ, ამჯერად აკადემიის ყოფილი ლექტორის, ლუიზა ლაფერაძის მხარდასაჭერად. ლუიზა ლაფერაძე ამბობს, რომ  მისი დოკუმენტაცია სრულად შეესაბმებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თუმცა მან აკადემიის პროფესორთა შესარჩევი კონკურსი მაინც ვერ გაიარა. მისი თქმით, ამის მიზეზად შესარჩევმა კომისიამ თანამშრომლების მიმართ მისი არაკოლეგიალობა დაასახელა.

 

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნების გასაპროტესტებლად სექტემბერსა და ოქტომბერში აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა კულტურის სამინისტროს წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი კულტურის მინისტრის ბრაძანებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიური თანამდებობა უკავია. სტუდენტები ამბობდნენ, რომ ამ ბრძანებით მცირდება იმ ადამიანების წრე, ვისაც რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია, რაც მათ არადემოკრატიულ პროცესად მიაჩნიათ.


საპროტესტო აქცია სამხატვრო აკადემიასთან/14 ოქტომბერი, 2014 წელი
საპროტესტო აქცია სამხატვრო აკადემიასთან/14 ოქტომბერი, 2014 წელი

საპროტესტო აქცია სამხატვრო აკადემიასთან/14 ოქტომბერი, 2014 წელი
საპროტესტო აქცია სამხატვრო აკადემიასთან/14 ოქტომბერი, 2014 წელი

საპროტესტო აქცია სამხატვრო აკადემიასთან/14 ოქტომბერი, 2014 წელი
საპროტესტო აქცია სამხატვრო აკადემიასთან/14 ოქტომბერი, 2014 წელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი