“ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო და დიდხანს ვიფიქრე, მე არ მიყვარს ჩახლართული საუბარი, მინისტრი არის ჩემი კურსელი, რომელთან ერთადაც მე მოვდივარ პირველი კურსიდან, ჩვენ ვმეგობრობთ და ვიცი მისი ხასიათი. ამავდროულად, პრემიერთან მქონდა შეხვედრა. ის რეფორმა, რომელიც დაგეგმილია და რომელიც გატარდება სასჯელაღსრულებაში, ამ რეფორმის მხარდაჭერა არის პრემიერის ადმინისტრაციაში და ეს იმდენად კონცეპტუალური რეფორმაა და მყარად შეცვლის ვითარებას სასჯელაღსრულებაში, რომ ვიფიქრე, ხომ არ ჩავრთულიყავი ამაში”,- განაცხადა კახი კახიშვილმა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ რეფორმა ახალ წლამდე გატარდება. მან გამოყო რამდენიმე კომპონენტი, რომელსაც რეფორმა უნდა შეეხოს, ესენია- მართვის ეფექტური მექანიზმები, პატიმრების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, თავად სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალგაზრდა კადრებისთვის სასწავლო ცენტრის ფორმირება.
“აქედან იწყება ახალი სისტემა- მოვიზიდოთ ახალი კადრები, ვასწავლოთ, რადგან ეს სპეციფიკური სამსახურია. შენ თუ, დაუშვათ, პოლიციაში ან უშიშროებაში მუშაობის გამოცდილება გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სისტემაში კარგი თანამშრომელი იქნები. ამისათვის საჭიროა სპეციალური მომზადება, 10-ჯერ ფსიქოლოგი უნდა იყო ამ რთულ ცხოვრებაში, როდესაც გარეთ ასეთი სიდუხჭირება და ამას ემატება ის, რომ ადამიანის თავისუფლება შეზღუდულია და მას რა მძიმე მორალური ვითარება აქვს. დაწყებული იქიდან, რომ იქნება პატიმრების დასაქმებაზე ფიქრი, დამთავრებული იმით, რომ ჩვენი თანამშრომლების სოციალური მდგომარეობის ამაღლება იქნება გარანტირებული, კონცეპტუალური რეფორმის მასშტაბით ჩვენ მივიღებთ ისეთ ვითრებას, რომელიც შეცვლის დღევანდელ სისტემას”- ამბობს კახიშვილი.
სასჯელაღსრულების მინისტრის ახლად დანიშნულმა პირველმა მოადგილემ პირობა დადო, რომ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები მიღების საათებს დააწესებენ, რათა ხალხს მხოლოდ მედიის საშუალებით არ უპასუხონ.
კახა კახიშვილის სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ 7 ოქტომბერს დაინიშნა, იგი სამინისტროში მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს წარადგინა.