ეკა მიშველაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” სასამართლოში 3-წლიანი დავა საბოლოოდ მოუგო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, ძალაში დარჩა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.
სასამართლო გადაწყვეტილებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომლის მიხედვითაც, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.
“სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა “პირველი სტუდიის” დახურვის შემდგომ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა,” – წერს საია.
ეკა მიშველაძემ სასამართლოს სარჩელით 2016 წლის 7 მარტს მიმართა. მანამდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა “პირველი სტუდია” ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას დახურა. მაშინ მიშველაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განუცხადა, რომ პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიღებულ წერილში, რომელიც ჟურნალისტმა გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა, წერია, რომ მიშველაძის მიერ წარმოდგენილი პროექტის თემატიკის მქონე გადაცემები მრავლად არის უკვე პირველი არხის ეთერში, ამიტომაც “არ არის მიზანშეწონილი დამატებით, ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება”.
მიშველაძე ნეტგაზეთთან საუბრისას კი ამბობდა, რომ მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან უვადო კონტრაქტი აკავშირებდა. ტელეწამყვანის თქმით, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.