აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუტბა კოდორის ხეობის დასახლებულ პუნქტებს 11 ოქტომბერს ეწვია, მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის ინფრასტრუქტურა შეაფასა. წერს გამოცემა აპსნიპრესი.
“მთავრობის მეთაურმა მწუხარებით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კოდორის ხეობას სათანადო ყურადღება ვერ ეთმობოდა. ცნობილია, რომ კოდორის ხეობა არა მხოლოდ ისტორიული ძეგლების კერაა, არამედ რეგიონი, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ პოტენციალს ატარებს სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური ტურიზმის დარგებში. მთავრობა უახლოეს პერიოდში აპირებს შეიმუშავოს კოდორის განვითარების პროგრამა, როგორც აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ძირითადი შემადგენელი,”- წერია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში.
გამოცემა აპსნიპრესის ინფორმაციით, დღეს, 13 ოქტომბერს მთავრობაში სხდომა მოეწყო, რომელიც აფხაზეთის ტელე-რადიოორგანიზაციებს შეეხებოდა.
“შესაბამის სამსახურებს დაევალათ მოამზადონ წინადადებები კოდორის ხეობაში ტელე-რადიომაუწყებლობის ორგანიზაციის შესახებ. მთავრობის აპარატს დაევალა შეიმუშავოს ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციისა და აუცილებელი ღონისძიებების ნუსხა, რომელიც საბიუჯეტო გეგმის დროს იქნება გათვალისწინებული,”- წერია განცხადებაში.
კოდორის ხეობის ზემო ნაწილი აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და რომელსაც ოფიციალურად ზემო აფხაზეთს უწოდებს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |