ახალი ამბები

“დაიცავი საქართველოს” ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვა – კობახიძე

15 აპრილი, 2019 • 829
“დაიცავი საქართველოს” ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვა – კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “დაიცავი საქართველოს” გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვა.

პარლამენის თავმჯდომარე ამის მიზეზად მოძრაობის წევრებს ასახელებს, თუმცა ჟურნალისტის კითხვას არ პასუხობს, კონკრეტულად რომელი წევრები არ მოსწონს.

“ჩვენი და თითოეული მოქალაქის ინტერესებშია, ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები. დღეს არაჯანსაღი ვათარებაა შექმნილი, როცა ოპოზიციური ნიშა “ნაციონალურ მოძრაობას” თითქმის მონოპოლიზირებული აქვს. ეს არის პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიური პარტიის გაჩენა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ამ ნიშას წაართმევს. ზოგადად, საერთო სურათს თუ ნახავდით და ლიდერებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ წარმოდგენილი, აშკარაა, რომ “დაიცავი საქართველოს” ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, 3%-მდე ასვლა ძალიან ძნელია,” – ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, 3%-იანი ბარიერის პირობებში პოლიტიკოსებს აქვთ მეტი ცდუნება, პარტიები ჩამოაყალიბონ, რადგან 2020 წლისთვის, დაბალი მინიმალური ბარიერის პირობებში, მათ პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ.

საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” შეკრება “ქართული ოცნების” ყოფილ სახეებთან ერთად 13 აპრილს ფილარომონიაში გაიმართა. მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით მაღრაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას არ აპირებს და მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში დარჩება.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა “დაიცავი საქართველო” პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს, მაღრაძემ უპასუხა:

“ყველაფერი შესაძლოა, მაგრამ მე არ ვაპირებ”.

ფილარმონიაში შეკრებას ესწრებოდნენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, მათ შორის, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. დამსწრეთა შორის იყო  ჯაბა ჯიშკარიანიც – საკრებულოს დეპუტატი, რომელმაც “ქართული ოცნება” ვატო შაქარიშვილთან ერთად 12 აპრილს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი