ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საეკლესიო კაბაში გამოწყობილი მამაკაცი არის ნასვამ მდგომარეობაში, მას ხელში ჰყავს აყვანილი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ტირის. მამაკაცი არ ემორჩილება პატრულის მოთხოვნას, აგინებს მათ და ბავშვით ხელში ჩართულია პოლიციელებთან შეხლა-შემოხლაში.
შსს-ს ცნობით, ვიდეომასალა ასახავს 2014 წლის აპრილში თბილისში მომხდარ ფაქტს, რის გამოც მამაკაცს, რომელსაც აცვია საეკლესიო სამოსი და შეურაცხყოფს პატრულის თანამშრომლებს, ბრალი წარედგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) მუხლებით.
პირველი მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას; ხოლო მეორე მუხლი – დაჯარიმებას 250-დან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
რა სანქცია დაეკისრა საბოლოოდ აღნიშნულ პირს? – ამ კითხვაზე პასუხისთვის შსს-დან სასამართლოში გადაგვამისამართეს, თუმცა იმის გამო, რომ შსს-ში არ იძლევიან ინფორმაციას აღნიშნული პირის ვინაობის (სახელი, გვარი) თაობაზე, სასამართლოში გვითხრეს, რომ შეუძლებელი იქნება ინფორმაციის მოძიება, თუ რა სასჯელი დაუდგინდა საბოლოოდ სამართალდამრღვევს.
“ნეტგაზეთი” პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეომასალა არ უნახავს და არც ინფორმაცია აქვს, თუ რომელიმე მღვდელმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. მისი თქმით, თუკი მათ შსს მიმართავდა, ეს ინფორმაცია ექნებოდათ.
ვიდეომასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ მომხმარებლების ნაწილმა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ეს პირი სულაც არ იყოს მღვდელი, რადგან ასეთი შესამოსელი (კაბა) შესაძლოა სხვა პირსაც ჰქონდეს გამოყენებული. ამავე ეჭვს იზიარებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. მისივე თქმით, სასულიერო პირი არავის უნდა აყენებდეს შეურაცხყოფას და თავშეკავებული უნდა იყოს: “როგორ შეიძლება ძალადობა გავამართლოთ? ასეთი ფაქტზე ნეგატიური იქნება ჩვენი შეფასება”.
შეკითხვაზე, როდესაც ასეთ ფაქტს აქვს ადგილი სასულიერო პირის მხრიდან, რეაგირების რა ზომებს მიმართავს საპატრიარქო, პატრიარქის მდივანი პასუხობს, რომ ამისთვის მათ უნდა მიმართოს თავად პოლიციამ და შემდეგ კონკრეტული სასულიერო პირის ქცევას განიხილავს ზნეობის კომისია, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს.