ახალი ამბები

თუ დაბალანსებულ მედიაში დირექტორი იცვლება, სიტუაციის გაუარესების მოლოდინი არსებობს – სალაძე

12 აპრილი, 2019 • 1007
თუ დაბალანსებულ მედიაში დირექტორი იცვლება, სიტუაციის გაუარესების მოლოდინი არსებობს – სალაძე

“როდესაც ვამბობთ, რომ მედია არის დაბალანსებული და იქ იცვლება დირექტორი, ვინც არ უნდა მოვიდეს მის პოზიციაზე, ცხადია, მის მიმართ კრიტიკა იქნება და იარსებებს მოლოდინი, რომ მდგომარეობა გაუარესდება. ასე იყო თბილისშიც, როდესაც შეიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი” ,- ამბობს ნეტგაზეთთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

სალაძე საუბრობს აჭარის ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეზე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი 11 აპრილს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა.

“მე საბჭოს ორი წევრის წერილის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, კარგი იქნება, უფრო მეტი ვიცოდეთ მასზე, ვიდრე მხოლოდ საბჭოს თავმდჯომარის განცხადებები. თუმცა შემიძლია ჩემი ვარაუდები გამოვთქვა, თუ რა პროცესებთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი კავშირში და როგორ გავლენას მოახენს ის ზოგადად მედიის მდგომარეობაზე.

ჩვენ ვხედავთ, რომ სატელევიზიო მედია არის უკიდურესად პოლარიზებული. ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყველა დიდი მედიასაშუალება პოლარიზების რომელიმე მხარეს დგას. ასეთ სატელევიზიო ბაზარზე, შესაძლოა, გარკვეული ჯგუფების (იქნება ეს ხელისუფლების ან რომელიმე ბიზნესის) მიზანი იყოს, რომ ასეთი მაუწყებელი რომელიმე მხარეს აღმოჩნდეს.

აქვე მახსენდება “ტვ პირველის” შემთხვევაც, როდესაც ჩვენ არაერთხელ გავიგეთ, რომ ამ ტელეკომპანიასთან მიმართებაში გარკვეული დისკუსიები, ინტერესი თუ საუბრები ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად იყო და ეს საუბრები არ მოდიოდა ტელევიზიის მმართველების მხრიდან”, – ამბობს სულხან სალაძე. 

გარდა ამისა, სალაძე ამბობს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივაში შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური საფუძველიც იკვეთებოდეს. მისი თქმით, აჭარის ტელეკომპანიის ამჟამინდელ დირექტორს უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება და 6 თვით ადრე ამ პროცესის დაწყების საჭიროება მისთვის გაუგებარია.

“საბჭოს წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ის პროცესები, რის გამოც დირექტორს აკრიტიკებენ, უკვე არაერთი წელია, რაც არსებობს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს პროცესი პოლიტიკურად ხელოვნურად შექმნილი. მე ამას არ გამოვრიცხავ, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და უნდობლობის გამოცხადება თუნდაც იმ პრეტენზიებზე, რაზეც საბჭოს წევრები საუბრობენ- სხდომის გამართვისა და საპირისპირო პოზიციის მოსმენის გარეშე- აძლიერებს არგუმენტს, რომ რეალურად, ეს პროცესი გარედან შეიძლება იყოს მართული.

ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქა – როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, დირექტორის გადაყენებით თუ თავის პოზიციაზე დარჩენით – ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკვე უარყოფითი მოვლენაა, რომელიც, ვფიქრობ, მომავალში საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდება.

ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს წევრები უფრო დაკავებულნი არიან პირადი კომფორტის შექმნით და იმის მცდელობით, რომ ნაკლებად გააღიზიანონ ვინმე გარეთ, ვიდრე იმით, რომ მეტი აქტიურობით მონაწილეობდნენ მედიის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნაში. შესაბამისად, როდესაც საბჭო ლაპარაკობს პრობლემებზე მენეჯმენტთან მიმართებაში, იქვე უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, თუ რა როლი და ადგილი აქვს საბჭოს ტელევიზიაში და რა დამსახურება მიუძღვით მათ ამ ყველაფრის ფონზე”, – განმარტავს სულხან სალაძე.

რაც შეეხება საბჭოს წევრების პრეტენზიებს, საბჭოს თავმჯდომარის, ნატა იმედაიშვილის თქმით, საბჭოს ორი წევრის წერილი ეხება პროგრამულ პრიორიტეტებს, ფონდების მიერ დაფინანსებულ გადაცემებსა და ირაკლი ბარამიძის სასამართლო პროცესს. სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ამ პრეტენზიების ნაწილის ინტეპრეტირება სხვადასხვა კუთხით შეიძლება, ხოლო ირაკლი ბარამიძის საქმე, რაც ტელეკომპანიის კამერის ქორწილში გამოყენებას ეხება – აქ საერთოდ უადგილოა.

“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ პროგრამულ პრიორიტეტებს ვერ ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისშიც და მასაც უამრავი გამოწვევა აქვს. თანაც, რასაც საბჭოს წევრები მიიჩნევენ პრიორიტეტების შეუსრულებლობად – ეს არის ძალიან პირობითი ამბავი, ამის ინტერპრეტირება მრავალი კუთხით შეიძლება.. ამასთანავე საინტერესოა კითხვა, თუ პროგრამული პრიორიტეტები ვერ სრულდება, ეს როდიდან ხდება?!

ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რატომ იწყებს საბჭოს ნაწილი ამაზე ახლა საუბარს. მგონია, რომ ამ განცხადების ავტორები ფიქრობდნენ, რომ პროცესი ასეთი რეზონანსული არ გახდებოდა და უფრო მარტივად ჩაივლიდა. თუმცა, სინამდვილეში, პრაქტიკულად ყველა საუბრობს ამ საკითხზე და სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უცხადებს მხარდაჭერას მოქმედ დირექტორს.

ჩემთვის მთავარი ინდიკატორი ამ პროცესში არის სწორედ ის, რომ საზოგადოებრივი მაწუეყბლის აჭარის ტელევიზია არის სწორედ ის საშუალება სატელევიზიო მედიაში, რომლის საინფორმაციო ბალანსსაც არავინ აკრიტიკებს. ეს ის ბალანსია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის აუცილებლი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რეალურად, ალბათ, არის სხვებისთვის პრობლემა.

ვფიქრობ, საბჭოს ის წევრები, რომლებმაც ეს ინიციატივა დააყენეს, კარგად უნდა დაფიქრდნენ – უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე ამ პროცესის დაწყებას რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს,” – აცხადებს სულხან სალაძე.

ამავე თემაზე:

სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება — „აჭარა TV“ დირექტორის იმპიჩმენტის ინიციატივაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი