დღეს, 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებები და გულგრილობისთვის, რასაც მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, ბრალდებულ კ.ა-ს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, შპს „ვერტიკალი 777“-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კ.ა-მ ლიფტის სწორი ექსპლუატაციის, ტექნიკური დათვალიერებისა და უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე 2016 წლის პირველ იანვარს ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა „საბურთალო 82“-ის თავმჯდომარესთან.
პროკურატურის ცნობით, კ.ა. პასუხისმგებელი იყო ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, თუმცა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები:
ბრალდების მხარის განცხადებით, დაუდევარი დამოკიდებულების გამო, ბრადებულმა არ შეამოწმა და არ შეაკეთა კორპუსის მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც 2017 წლის 24 მარტს მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.
ბავშვმა გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში თავი შეყო, რა დროსაც მოძრავი ლიფტის საპირწონე მოხვდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
კ.ა-ს ბრალდება 2018 წლის 28 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.