ახალი ამბებისამართალი

გამოკითხულთა 91% მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები თანამდებობებს ნეპოტიზმისთვის იყენებენ – TI

12 აპრილი, 2019 • 2157
გამოკითხულთა 91% მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები თანამდებობებს ნეპოტიზმისთვის იყენებენ – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევით, ქვეყანაში კვლავ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, როგორც TI აცხადებს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია, თუმცა კორუფცია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა, დღეს გაიმართა. მათი ცნობით, კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.

წვრილმანი კორუფცია

TI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

© TI

 

კორუფციის კომპლექსური ფორმები

TI-ის კვლევის თანახმად, ამავე დროს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები, კერძოდ:

გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ხოლო 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია იგივე ქმედება პირადი მიზნების მისაღწევად. მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებები გავრცელებული არ არის, შესაბამისად 21%-ს და 15%-ს შეადგენს.

© TI

 

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, როგორც TI აცხადებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (91%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (86%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (79%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (58%).

© TI

 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (52%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

© TI

რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე

TI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

ამავე კვლევით, გამოკითხულთა 42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 31% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს.

© TI

ამ ორი კითხვის კონტექსტში რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს ყოფილი მთავარი პროკურორი,ს ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ. ის რესპონდენტები, ვისაც ოთარ ფარცხალძის შესახებ სმენია, TI-ის ცნობით, მეტწილად იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომ კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, სარგებლობს ხელისუფლების მფარველობით და ინარჩუნებს გავლენას პროკურატურაზე.​​​​​​​

© TI

დასაქმება საჯარო სამსახურში

კლვევის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, პროფესიონალიზმი კვლავაც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარ კრიტერიუმს. რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი (31%) საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ნაცნობობას მიიჩნევს.

© TI

მასალების გადაბეჭდვის წესი