ახალი ამბები

სიკეთის კეთებაც დანაშაულად გამოგყავთ – კალაძე ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

12 აპრილი, 2019 • 1620
სიკეთის კეთებაც დანაშაულად გამოგყავთ – კალაძე ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

“ქართული ოცნების” ლიდერები, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე, წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას, მათ შორის, “ქართუს” მიერ სამების მოხატვის დაფინანსების ინიციატივას, მის სიკეთესა და ქველმოქმედებას უკავშირებენ და არა – არჩევნებს.

კალაძე და თალაკვაძე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არასაარჩევნო პერიოდშიც ხშირად ახორციელებს ამგვარ პროექტს.

“სიკეთეს აკეთებდა, საერთოდ პოლიტიკასთან შეხებაც რომ არ ჰქონდა, იმ დროიდან მოყოლებული, ადამიანს აქვს 3 მლრდ ლარი დახარჯული ასეთ საქველმოქმედო პროექტებზე, რაც ოფიციალურად არის დამტკიცებული. სამეგრელოში ჩავიდა – მაშინვე არჩევნებს დაუკავშირეს.

კაცს სამება აქვს აშენებული და მისი მოხატვა თუ გადაწყვიტა, ეს რა პრობლემაა?! ამდენ პროექტებს ახორციელებს და უკვე ისე იხატება ყველაფერი – სიკეთის კეთებაც დანაშაულად გამოგყავთ. მგონია, რომ არასწორია, პირიქით, ასეთი ქველმოქმედები, ასეთი ადამიანები მეტი სჭირდება ჩვენს ქვეყანას,” – ამბობს კახა კალაძე რ2-თან ინტერვიუში.

იგივე პოზიციას იზიარებს არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, საქმე ისე გამოიყვანონ, თითქოს ივანიშვილის ქმედებები არჩევნებს უკავშირდება, რაც არასწორია.

„ასეულობით ეკლესია სწორედ მისი ძალისხმევითა და შემოწირულობით საქართველოში არის აღდგენილი. მე ვფიქრობ, დიდი უსამართლობაა, თუ ვინმე ამას უკავშირებს საარჩევნო თემატიკას. ოპოზიციას  მინდა ვუპასუხო, რომ რაც არ უნდა იძახონ, რომ საქმეები, რომელიც ქვეყანაში კეთდება, შესაძლოა, რაიმე სახით არჩევნებს უკავშირდებოდეს, ჩვენ არ ვაპირებთ ამ საქმის შეჩერებას“, – აცხადებს არჩილ  თალაკვაძე.

ამავე თემაზე:

“ქართუ” სამების მოხატვას სრულად დააფინანსებს” – ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი