ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება დაფინანსება

9 ოქტომბერი, 2014 • • 992
პრემიერ-მინისტრი: ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება დაფინანსება

“ბიუჯეტი გაიზარდა 280 მილიონი ლარით. ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება დაფინანსება მათი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან მათი მოთხოვნები იყო მილიარდ ლარზე მეტი და, ბუნებრივია, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, რომ მილიარდი ლარით დამატებით გაზარდოს ბიუჯეტი. ჩვენ უნდა მოვიცადოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით დაიგეგმა, თუმცა თანხები ისეა გადანაწილებული, რომ ზოგიერთი სამინისტრო დაფინანსების უკმარისობაზე საუბრობს. მაგალითად, დაფინანსების გაზრდას ითხოვს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო.

 

“ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ პრიორიტეტების მიხედვით. დაახლოებით 1 მილიარდ 300 მილიონით გავზარდეთ სოციალური ნაწილი, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვა ამ დროისთვის პარლამენტში მიმდინარეობს, სადაც დღეს დეპუტატებმა მოითხოვეს, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტში დეტალურად ასახოს პედაგოგების ხელფასის ზრდის მაჩვენებელი, რაზეც რამდენიმე კვირის წინ თავად პრემიერ-მინისტრმა მისცა დაპირება მასწავლებლებს.

 

“ეს არის პირველადი დოკუმენტი, რომელიც შეიცვლება. ის დანაპირები, რაც ჩვენ გვქონდა პედაგოგების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, შესრულდება 2015-ში, 2016-ში და 2017 წლებში. ასე რომ, ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. ეს არის მუშა პროცესი, პარლამენტი აქტიურად არის ჩართული განხილვებში. ეს არის რეალური დემოკრატია, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, პარლამენტი და მთავრობა მოქმედებენ შეთანხმებულად იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული. პარლამენტში მიმდინარეობს აქტიური განხილვები და მიმაჩნია, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ გვექნება სრულყოფილთან მიახლოებული ბიუჯეტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი