ახალი ამბები

თბილისის მერიის ცნობით, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები განახლდება

9 ოქტომბერი, 2014 • • 1921
თბილისის მერიის ცნობით, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები განახლდება

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ამჟამად გამოცხადებულია ტენდერები და პროგრამა შეეხება უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაში მყოფ მრავალსართულიან, მრავალბინიან კორპუსებს, რომლებიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებენ. 

 

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის წინა ხელისუფლების მიერ ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე გამოცხადებული 12 ტენდერიდან ახალ ადმინისტრაციას 9 ტენდერის შეწტვეტა მოუხდა, ვინაიდან ტენდერი შემსრულებელ კომპანიებს, პრაქტიკულად, არანაირ მოთხოვნებს არ უყენებდა:

 

“ეს კი, საბოლოო ჯამში, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, არაეფექტურად დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა”, – აცხადებენ მერიაში. 

 

სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრისა და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა.

 

თბილისის მერიის ცნობით, შეწყვეტილი ტენდერებიდან დღეისათვის განმეორებით გამოცხადებულია 3 ტენდერი 8 ავარიული სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე. მომდევნო კვირას დამატებით გამოცხადდება 5 ტენდერი 15 ავარიულ სახლზე, ხოლო დანარჩენი შეწყვეტილი ტენდერები 13 ავარიულ სახლზე თვის ბოლომდე განმეორებით გამოცხდდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი