ახალი ამბები

UNICEF: 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის 4% კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა

8 ოქტომბერი, 2014 • • 1011
UNICEF: 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის 4% კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ექვივალენტურ ზრდასრულზე 2011-დან 2013 წლამდე 44%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო თვიური მოხმარება – 25%-ით. ასევე, გაიზარდა სოციალური პოლიტიკის ორი ძირითადი ინსტრუმენტის – პენსიისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტები. გაიზარდა ორივე პროგრამის სარგებელიც – პენსიები 80-125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებელი გაორმაგდა.

 

მიუხედავად ამისა, თინათინ ბაუმის თქმით, 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის 4% და ბავშვთა 6% კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებლების ზოგადი კლების ფონზე ბავშვთა ეროვნული სიღარიბე 25%-დან 27%-მდე გაიზარდა. თინათინ ბაუმის ინფორმაციით, ეროვნული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უბავშვო ოჯახების რაოდენობა 16.5%, ხოლო ბავშვიანი ოჯახების 26%-ია, თუმცა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას უფრო ნაკლები ბავშვიანი ოჯახი იღებს, ვიდრე  უბავშვო.

 

თინათინ ბაუმის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებსა და მოსახლეობას შორის სიღარიბის მაჩვენებელი გათანაბრდეს, აუცილებელია გაჩნდეს ფულადი დანამატი ოჯახში თითოეულ ბავშვზე. „აქედან გამომდინარე, „სტანდარტ +“ და „5 დონიანი +“ იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა. ორივე პროგრამა ყოველთვიურად დამატებით 4,5-4,8 მილიონ ლარს მოითხოვს“, – აღნიშნა მომხსენებლმა. მისივე თქმით, ასევე, აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკის მხარდაჭერა, ზრდის სარგებელის მთელ მოსახლეობაზე განაწილება, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და სამედიცინო დაზღვევის პროგრამების მთლიანი დაფარვის გაზრდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის, სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დღის ცენტრებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დაწესებულებათა ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით, ღარიბი ოჯახებისთვის.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი პარლამენტის მიერ „ბავშვთა დაცვის წლად“ არის გამოცხადებული და ის ცვლილებები, რომლებსაც მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებს პარლამენტი, შესაბამისი უნდა იყოს. მისივე განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთობლივად იმუშავებს ბავშვთა სიღარიბის დაძლევის საკითხებზე. „შევეცდებით, ადეკვატურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც UNICEF-ის პრეზენტაციაშია მოცემული, ჩვენი მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით აშკარაა“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი