„ეს არის ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის ცენტრი, ამ დონის ცენტრები იშვიათობაა. ეს არის ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული მიგრაციული პოლიტიკის კონკრეტული შედეგი. ჩვენ დავიწყეთ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც იყო ქაოტური და აბსოლუტურად გაუგებარი. არალეგალ მიგრანტთა ცენტრი მოემსახურება 80 ადამიანს. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ დიდი სიკეთის მიღწევაში, რასაც ჰქვია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა ორი სართულისგან შედგება და საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზეა გათვლილი. შენობაში განთავსებულია სასადილო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ასევე, შენობის ეზოში მოწყობილია სპორტული და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები და შექმნილია პირობები მოზარდთათვის. ცენტრში განთავსებულია ადაპტირებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის:
“ასევე, იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ და არსებობს მათი მხრიდან გარშემომყოფებისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების საფრთხე. ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღევანდელ ღონისძიებას მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









