“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სტამბულში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამართულ ქართულ-აფხაზურ საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,”- ინფორმაციას მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას აწარმოებს.
შეხვედრის მონაწილეებს, როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, ქართულმა მხარემ აფხაზეთის რეგიონში პოტენციური სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, ოფიციალური ცნობითვე, ქართველმა და აფხაზმა მონაწილეებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. საუბარი სამარხების მოძიებასა და ნეშტების ექსგუმაციაში მიღწეულ პროგრესსაც შეეხო.
“სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიაწოდონ ინფორმაცია 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, ასევე, სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ, შემდგომში მათი მოძიებისთვის”.
ამ დროის მონაცემებით, 2019 წლის ექსგუმირების გეგმაში 36 სამარხია ჩართული. ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ჯამში, 129 სამარხის გახსნა და 431 ნეშტის ექსგუმირება მოხერხდა. დღეისათვის იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.