ახალი ამბები

პრეზიდენტმა 115 მსჯავრდებული შეიწყალა

8 ოქტომბერი, 2014 • • 1038
პრეზიდენტმა 115 მსჯავრდებული შეიწყალა

115 მსჯავრდებულიდან სრულად გათავისუფლდა სასჯელიდან 88, მათ შორის არის ერთი ქალი და 4 არასრულწლოვანი.

 

შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 მსჯავრდებულს. ზოგს სასჯელი გაუნახევდა, ხოლო ნაწილს ერთი მესამედით შეუმცირდა. 27 მსჯავრდებულიდან სამი არასრულწლოვანია.

 

ჯამში, შეწყალების აქტი შეეხო 1 ქალს და 7 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

 

შეწყალების კომისიამ განიხილა 699 მსჯავრდებულის საქმე. საქმეების განხილვები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.


ზვიად ქორიძის განცხადებით, 699 განცხადებიდან არსებით განხილვაზე იყო 312 საქმე, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმეები აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიმებს, რაც შეწყალების კომისიის დებულებითაა განსაზღვრული. თუმცა კომისიამ საქმეები განსაკუთრებული გარემოებითაც განიხილა და ასეთი მსჯავრდებულებიც მოხვდნენ შეწყალებაში. რამდენიმე საქმეს კი კომისიამ კენჭი უყარა და საქმე არსებით განხილვაზე მომავალ კომისიაზე გავა.


ზვიად ქორიძის განცხადბით, შეწყალება შეეხო მძიმე, ნაკლებ მძიმე და მსუბუქ დანაშაულებს:


სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლებულ პირებს შორის არიან მოქალაქეები, ის მსჯავრდებულები, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ქურდობის, ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადების შეძენა, შენახვის და მოხმარების მუხლით, იარაღის უკანონო ტარების მუხლით, საზღვრის უკანონო გადმოკვეთით. რაც შეეხება იმ მსჯავრებულებს, რომლებსაც შეუმცირდათ საპატიმრო სასჯელი, ესენი არიან ის მოქალაქეები, რომლებსაც იგივე ტიპის დანაშაული აქვთ ჩადენილი. მაგალითად, არის მსჯავრდებული, რომელმაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მოახერხა გაქცევა, არის ისეთი მსჯავრდებული, რომელმაც სამხედრო ნაწილი მიატოვა თვითნებურად. არიან ისეთი მსჯავრდებულები, რომელსაც მსჯავრი დაედოთ განზრახ მკვლელობისთვის, მაგრამ მათ სასჯელი შეუმცირდათ. ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს რეკომენდაციები და პრეზიდენტმა 2 მათგანს, რომლებიც არიან განზრახ მკვლელობის მუხლით მსჯავრდებულები, შეუმცირა სასჯელი”.


ჟურნალისტების შეკითხვას, დაემთხვევა თუ არა მომავალი შეწყალება დღესასწაულს, ქორიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის პრინციპული საკითხი:


“ასეთი პრინციპულია, რომ შეწყალება დღესასწაულს დაემთხვეს? დღეს არის 8 ოქტომბერი და რამე დღესასწაულია? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საკმაოდ საზეიმო განწყობა იმ 115 მსჯავრდებულისთვის, რომელმაც დღეს პრეზიდენტისგან მიიღო შეწყალება, და 88  ადამიანი დღეს 12 საათამდე დატოვებს საპატიმროს. 


გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა კომისიის 7 რეკომენდაცია, შესაბამისად, 7 მსჯავრდებულს უარი ეთქვა შეწყალებაზე.

 

პატიმართა შეწყალების კომისიას ზვიად ქორიძე 2014 წლის 7 ივლისიდან ხელმძღვანელობს. ეს უკვე პატიმართა მეორე შეწყალებაა მისი თავმჯდომარეობის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი