ბახტაძეს PACE-ში არასამთავრობოებისთვის „ფაშიზმის მხარდაჭერის“ ბრალდება შეახსენეს

„გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი მოტივაციაა, მათთან ძალიან ახლოს ვიმუშაოთ“, — ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას დასმულ კითხვას, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან არასამთავრობოებისთვის „ფაშიზმის მხარდამჭერებად“ მოხსენიებას ეხებოდა.

ევროპარლამენტარმა, ბუნდესტაგისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, ფრენკ შვაბმა ბახტაძეს ჰკითხა: „თქვენ ახსენეთ კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, არსებობს ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც იკვლევენ კორუფციის შემთხვევებს, და მათ „ფაშიზმის მხარდამჭერებს“ უწოდებენ. რას იტყვით ამ ბრალდებაზე“? ბახტაძემ ფრენკ შვაბის კითხვას ასე უპასუხა:

„თუკი გადახედავთ რეიტინგებს, რომლებიც ყველაზე სანდო რეპუტაციის მქონე ევროპულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, საქართველო ლიდერი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში“. ბახტაძეს არ დაუსახელებია, რომელ ორგანიზაციას გულისხმობდა.

„რა თქმა უნდა, მოტივირებულები ვართ, რომ ჩვენი წარმატება უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ“, — განაგრძო ბახტაძემ, — „ასევე, გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი მოტივაციაა, მათთან ძალიან ახლოს ვიმუშაოთ“.

„ვატარებთ ძალიან დახვეწილ და ფუნდამენტურ რეფორმებს. სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ რეფორმებში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გვესმის. გთხოვთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენი წარმატების უფრო მაღალ საფუხერზე აყვანას“, — განაცხადა პრემიერმა;

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც მომზადებულია ყველაზე სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ამაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს“.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სადამკვირვებლო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ მთავრობის წევრების მხრიდან ზეწოლაზე. მაგალითად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ანგარიშში აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე “კოორდინირებული თავდასხმა” მიმდინარეობდა, რაც, მათივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენდა „ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლას და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას”.

კობახიძე გვარამიას “ხელმოცარულ ფაშისტს” უწოდებს და ისევ აკრიტიკებს არასამთავრობოებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com