ახალი ამბები

ISFED: NGO-ების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობებმა ტენდენციის სახე მიიღო

8 ოქტომბერი, 2018 • 2160
ISFED: NGO-ების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობებმა ტენდენციის სახე მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED)  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს ავრცელებს.

ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე და 3-დან 30 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

ISFED-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია თანამდებობის პირებისა და არჩევნებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოების ხეხლმძღვანელების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებზე.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  მსგავსი თავდასხმის ობიექტი „სამართლიანი არჩევნები“ გახდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მხრიდანაც:

“კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევამ კოორდინირებული სახე მიიღო და ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით განცხადებები გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის, „ქართული ოცნების“ პარლამენტარების, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ”, – ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მსგავსი კოორდინირებული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლას და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას.

ISFED-ის შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თანამდებობის პირების განცხადებები მიმართულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაციის დაზიანებისა და დისკრედიტაციისკენ, რაც მიუღებელია და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფრთხეს წარმოადგენს:

“ხელისუფლების და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია და საფრხეს უქმნის საარჩევნო პროცესში ჩართულ დამკვირვებლებს, რომელთაც ხელი ეშლებათ სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელებაში და უწევთ ზეწოლის გარემოში საქმიანობა. ამდენად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწტვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე შეტევა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „სამართლიანი არჩევნები“ პირველი ასეთი შეტევის ობიექტი გახდა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაციამ შეაფასა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი გადაწყვეტილება. როგორც ISFED-ში აცხადებენ, მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პრესკონფერენცია გამართა და თავს დაესხა ორგანიზაციას გამოქვეყნებული ანგარიშის გამო:

“ბექაურის პრესკონფერენცია ცალსახად მიმართული იყო ორგანიზაციის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ. „სამართლიან არჩევნებზე“ თავდასხმის მიზნით გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარის ბრალდებები იყო არათანმიმდევრული, დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებული.

სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პრესკონფერენციაზე და შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ბექაური მიმართავდა ISFED-ის დონორებს ორგანიზაციის დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით. კახა ბექაურის გაკეთებულ მადისკრედიტირებელ განცხადებებს „სამართლიანი არჩევნები აფასებს როგორც “ ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მანამდე, 21 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა და მას „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა.

24 აგვისტოს “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის” უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე, თეა  წულუკიანი ასევე თავს დაესხა საიას მის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო და სადამკვირვებლო ორგანიზაცია მეთოდოლოგიის არქონაში დაადანაშაულა.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევა გაძლიერდა “ომეგა ჯგუფის” გარშემო კორუფციული სკანდალის გასაჯაროების შემდეგ  13 ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო:

“2 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 13 ორგანიზაციას „არასერიოზული“, „არაკომპეტენტური“ და „უტიფარი“ უწოდა და პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. მომდევნო დღეს იგივე ბრალდება გაიმეორა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტიებად დარეგისტრირება შესთავაზა.

ანალოგიური შეფასებები გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმაც, ხოლო 6 ოქტომბერს არასამთავრობო სექტორს ტენდენციურობაში დასდო ბრალი თბილისის მერმა, კახა კალაძემ. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაში ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა მაღალი თანამდებობის პირებისა, საქმიანობაში ხელის შეშლის ფააქტები ISFED-მა რეგიონებშიც გამოავლინა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ზუგდიდში, ოზურგეთში, ბაღდადსა და მარტვილში, სადაც ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებლებს სრულფასოვნად შეეზღუდათ საქმიანობის საშუალება.

კერძოდ, ISFED-ში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში,   „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს არ მიეცა შეხვედრაზე შესვლის საშუალება:

“დარბაზის შესასვლელთან მას უცნობმა პირმა ხელი ჰკრა, რა დროსაც ის წაიქცა და მიიღო მსუბუქი დაზიანება. მოგვიანებით, სიტუაცია განმუხტა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, რომელმაც შეხვედრაზე დამკვირვებლის შესვლა უზრუნველყო”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დარბაზში არ უშვებდნენ “სამართლიანი არჩევნების” გრძელვადიან დამკვირვებელს სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ოზურგეთშიც, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართა.

დაბრკოლება შეუქმნეს ორგანიზაციის დამკვირვებელს ბაღდათშიც, როდესაც ორი უბნის სხდომებზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა:

“ბაღდათის #30-ე უბანზე სხდომა უნდა ჩატარებულიყო 13:00 საათზე. დამკვირვებელი უბანზე  გამოცხადდა 12:45 წუთზე, თუმცა ოლქის წევრები და უბნის კომისიის წევრები უბანზე არ გამოცხადდნენ. 14:55 წუთზე დამკვირვებელი დაუკავშირდა საოლქო კომისიის მდივანს, ელეონორა ლომსიანიძეს, რომელმაც უთხრა, რომ გრაფიკი შეეცვალათ და კომისიის სხდომა გვიან ჩატარდებოდა. გრაფიკის მიხედვით დამკვირვებელი უნდა დასწრებოდა #15 უბნის (სოფელი II ობჩის ადმინისტრაციული  შენობა) გახსნას სოფელ ობჩაში, რომელიც ჩანიშნული იყო 15:00 საათზე. იგი ადგილზე გამოცხადდა 14:45 წუთზე, თუმცა, როდესაც ადგილზე მივიდა, სხდომა უკვე დამთავრებული იყო”, – ვკითხუოლობთ ანგარიშში.

მსგავსი შემთხვევა მოხდა მარტვილშიც. არასამთვრობო ორგანიზაციის განცხადებით, 25 სექტემბერს, 12:53-ზე, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა განცხადებით მიმართა მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების გრაფიკის გადმოცემა. ISFED-ის განცხადებით,  მან მდივანს სიტყვიერადაც აცნობა, რომ გრაფიკი საუბნო კომისიის სხდომებზე დასწრებისთვის სჭირდებოდა:

“პასუხად კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ გრაფიკი ჯერ არ ჰქონდათ შედგენილი და შედგენის შემდეგ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნიდა ინფორმაციას. დაპირების მიუხედავად, კომისიის მდივანს მისთვის არანაირი ინფორმაცია არ გადაუცია. დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომების გრაფიკი საოლქო კომისიის წევრისგან მოიპოვა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დანიშნული”, – ვკითხულობთ ანგარიშში.


ISFED-ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში საუბარია სხვა სახის დარღვევებზეც. კერძოდ, ორგანიზაციის დაკვირვებით,  საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, აგიტაციის წესების დარღვევის 12, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9, კამპანიისთვის ხელის შეშლის 8, სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი. ასევე, ISFED-ის განცხადებით, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი