ახალი ამბები

იმერლიშვილი: ნატოს პაკეტის შესაბამისად აუცილებელია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდოს

7 ოქტომბერი, 2014 •
იმერლიშვილი: ნატოს პაკეტის შესაბამისად აუცილებელია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდოს

“დიდი იმედი მაქვს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ცოტათი მაინც გაიზრდება პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ. იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ჩვენ ავიღეთ ნატოს პაკეტის შესაბამისად, აუცილებელია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი იყოს გაზრდილი. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გაკეთების შესახებ საქართველოში. უამრავი პოზიტიური გადაწყვეტილება იყო მიღებული უელსის სამიტზე, აღნიშნული იყო, ასევე, თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარების აუცილებლობა, ყველა დონის განხილვის დროს იყო მიღებული დადგენილება ჩვენი თავსებადობისა ნატოს სტანდარტებთან. ამას, ბუნებრივია, სჭირდება საბიუჯეტო ხარჯები. იმედს ვიტოვებ, თავდაცვის მინისტრის მსგავსად, რომ ბიუჯეტი გაიზრდება.

 

დღეს მე წარმოვადგინე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა, ეს არის 37 ათასი, ეს რაოდენობა 2015 წელს არ გაიზრდება და იმისთვის არის საჭირო ეს წარდგინება, რომ ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება მივიღოთ”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

 

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დეტალურ ინფორმაციას დეპუტატებს თავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აწვდის, თუმცა საკომიტეტო განხილვაში არ მონაწილეობს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პარლამენტის საკომიტეტო მუშაობას თბილისში, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი.

 

“გქვონდა შეხვედრა ყველა უწყებასთან და გავიარე კონსულტაციები. თავდაცვის სამინისტრო ითხოვს დაფინანსების გაზრდას, ეს საკითხი განიხილება პარლამენტში, ვიმსჯელებთ. შემდეგ 2015 წლის ბიუჯეტი დაუბრუნდება მთავრობას და დაკორექტირებული ვარინატი ისევ შემოვა პარლამენტში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის სამინისტროსთვის 625 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი