ახალი ამბები

ბესელია: ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი არ მახსოვს

10 აპრილი, 2019 • 1018
ბესელია: ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი არ მახსოვს

ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი გუშინ, 9 აპრილს, “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში გულწრფელი არ იყო, როცა “ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლაზე საუბრობდა:

“ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს, არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია არ მახსოვს ასეთი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გულწრფელი, როდესაც ამაზე საუბრობდა.

არ შეიძლება მას არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მის პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედაც რომ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი, როგორც ის თავად უწოდებს მათ”, – ამბობს ბესელია.

დეპუტატის თქმით, მისი პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე ივანიშვილის აღმოჩნდა:

“ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ, 20 წელია მე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ, სამწუხაროდ. თავად გასცა პასუხი იმ კითხვებს, რატომ წავედით ამ პარტიიდან და რატომ დავტოვე პარტია, რომელიც მასთან ერთად დავაფუძნე, თავად უპასუხა ამ კითხვას.

სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა მან  ამ ინტერვიუთი.  მან თქვა, რომ ის იცავს და მიაჩნია, რომ მსხვერპლი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა. ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლი არიან იმიტომ, რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ  ადეიშვილ-მერაბიშვილი თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებული და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად”,– თქვა ბესელიამ “რუსთავი 2”-თან.

მასალების გადაბეჭდვის წესი