ახალი ამბები

სკოლაში ძალადობის პრევენცია მანდატურების პრიორიტეტი ხდება

6 ოქტომბერი, 2014 •
სკოლაში ძალადობის პრევენცია მანდატურების პრიორიტეტი ხდება

“თქვენ იმიტომ ხართ სკოლაში, რომ დაიცვათ ბავშვები, ვისაც ეს არ შეუძლია. თქვენ უნდა იყოთ ჩემპიონები მათთვის,” – ასე მიმართა NASRO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს მორის კენედიმ ქართველ მანდატურებს 6 ოქტომბერს თბილისში გამართულ კონფერენციაზე “უსაფრთხო სკოლა”.

 

როგორც პოლიციის აკადემიის წარმომადგენელმა როდიონ ქორჩილავამ თქვა, მანდატურის სამსახური აქცენტს დანაშაულის პრევენციაზე გააკეთებს.

 

“სამსახური ვითარდება. ძირითადი ფუნქცია სამსახურის დაკავშირებული იყო დარღვევებზე რეაგირებასთან, მაგრამ როგორც ხედავთ, უფრო აქცენტი კეთდება პრევენციაზე,”– თქვა მან.

 

ელენე ნადარაია, რომელიც მანდატურის სამსახურში 2011 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ მისი მუშაობის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ცივი იარაღის ტარება, თამბაქოს მოხმარება და ბავშვებს შორის ძალადობა იყო.

 

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ–ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NARSO) ერთობლივი კონფერენცია თემაზე
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ–ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NARSO) ერთობლივი კონფერენცია თემაზე 'უსაფრთხო სკოლა'

NASRO-ს ინფორმაციით, აშშ–ის სკოლებში ყოველთვიურად 282, 000 სტუდენტი და 5 200 მასწავლებელი არის დანაშაულებრივ ქმედებებში ეჭვმიტანილი.

 

ელენე ნადარაიას თქმით, 2013 წლიდან მანდატურები მასწავლებლის საქმიანობას აღარ აკვირდებიან, გარდა ბავშვის უფლების დარღვევის აშკარა ფაქტისა.

 

“თუ არ არის ისეთი ფაქტი, რომ ძალიან არღვევს მოსწავლის უფლებებს, როგორიც არის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ვაცნობებთ დირექტორს, კოორდინატორს,”– ამბობს ნადარაია.

 

ჯეიმს მორის კენედიმ კი თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სკოლებში არა მარტო პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი ძალადობის არსებობაზეც. მისი თქმით, თუკი პირდაპირი ძალადობა ყველაზე ხშირად ბიჭებში გვხვდება, არაპირდაპირი ძალადობა უფრო მეტად არის გამოხატული გოგონებთან, რაც ვლინდება ჭორაობაში, უარყოფაში, ერთმანეთის გაღიზიანებაში და ასე შემდეგ.

 

ელენე ნადარაია “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თავისი პრაქტიკის განმავლობაში გოგონებს შორის კონფლიქტის შემთხვევებიც ქონია, თუმცა აქ, მისი თქმით, ჩარევის შედეგად პრობლემა მოგვარდა.

 

“მეც და ჩემს ყველა კოლეგასაც მეტნაკლებად მეგობრული დამოკიდებულება გვიჩნდება მოსწავლეებთან. გოგონები გახსნილები არიან, მოდიან, საუბრობენ ჩვენთან, იღებენ რჩევებს,”– ამბობს ელენე ნადარაია.

 

კიდევ ერთი მანდატური, სოფიო ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელშიც ხდება.

 

“სოციალურმა ქსელებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბავშვებში არის კონფლიქტი. თვითონვე მოდიან და ამ ყველაფერზე თვითონ გვესაუბრებიან, რომ იცით რა, მე ასე მომმართა, ვთქვათ, სოციალური ქსელის მეშვეობით, ან ჩემზე ესე თქვა,” – თქვა მან.

 

სოფიო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლესთან დაკავშირებული პრობლემა მანდატურის ჩარევით არ გვარდება, მაშინ მას ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადაამისამართებენ. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 2013 წლის აპრილიდან მხოლოდ 3 ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს.

 

“გვყავდა მოსწავლე, რომელსაც აღენიშნებოდა სოციალური ქცევის პრობლემები, ანუ ხშირ შემთხვევაში თანაკლასელებთან ცუდად იქცეოდა. ამ შემთხვევაში ბავშვთან ჩვენმა დიალოგმა არ გაჭრა და ზუსტად ამიტომ დაგვჭირდა გადამისამართება ფსიქოლოგთან,“– ამბობს სოფიო.

 

ტრენინგს, რომელსაც NASRO ატარებს, 100 მანდატური გაივლის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სკოლებს წარმოადგენენ. ქართველი და ამერიკელი მანდატურები ერთმანეთს გამოცდილებას სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლენისა და  შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებiს საკითხებზე გაივლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი