ახალი ამბები

მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

6 ოქტომბერი, 2014 • • 1051
მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს  პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ  ლაშა ჯიხვაშვილს ბრალი მკვლელობასა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წარუდგინა.

 

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.

 

გამოძების ცნობით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილისა და მისი კოლეგების მიერ მაღაზიის დაკვირვების კამერების ჩანაწერების დათვალიერებისას დაადგინეს, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იყო მირზა ბუჩუაძე, რომელიც  წარსულში ორჯერ ნასამართლევი იყო.

პროკურატურის ცნობით, იმავე დღეს ზემოაღნიშნულ მაღაზიასთან მყოფმა ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანით მოძრავი მირზა ბუჩუაძე შეამჩნია და კოლეგებთან ერთად ფეხით დაედევნა. 

მოქალაქის ნათესავები, რომელსაც პოლიციელმა ქუთაისში ესროლა, საავადმყოფოში შესვლას ითხოვენ. 3.10.2014
მოქალაქის ნათესავები, რომელსაც პოლიციელმა ქუთაისში ესროლა, საავადმყოფოში შესვლას ითხოვენ. 3.10.2014

ბუჩუაძემ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ჩიხში შეუხვია, ავტომანქანა მოაბრუნა და უკან იგივე გზის გავლით მოძრაობდა, რა დროსაც  ჯიხვაშვილმა ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. 

პროკურატურა აცხადებს, რომ მირზა ბუჩუაძე მოთხოვნას არ დაემორჩილა და გააგრძელა გზა. ამის შემდეგ  ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც ბუჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა. მირზა ბუჩუაძე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში 3 ოქტომბერს გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ~

მასალების გადაბეჭდვის წესი