ახალი ამბები

მართლმადიდებლობის პროპაგანდა სასჯელაღსრულების სამინისტროში

6 ოქტომბერი, 2014 • • 1246
მართლმადიდებლობის პროპაგანდა სასჯელაღსრულების სამინისტროში

იურისტი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაინტერესება მსჯავრდებულების მხრიდან მართლმადიდებლად მონათვლის მიმართ მიუკერძოებლობის პრინციპს არღვევს, ხოლო სამინისტრო ამაში რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციულობას ვერ ხედავს.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ელმაზ ო. მართლმადიდებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 ოქტომბერს მოინათლა და სახელად თორნიკე დაირქვა.

 

სამინისტროს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ბრალდებული საუბრობს იმის შესახებ, რომ მისი წინაპრები ქართველი მართლმადიდებლები იყვნენ და ისლამი მათი სურვილის წინააღმდეგ მიიღეს. იგი ამბობს, რომ სურდა, ისევ მართლმადიდებლად მონათლულიყო და გათავისუფლების შემდეგ საქართველოში ცხოვრებას აპირებს.

ნათლობაში სასჯელაღსრულების სოციალური სამმართველოს სამსახურიც მონაწილეობდა. სამმართველოს ხელმძღვანელმა ელმაზ ო.-სა და კიდევ 7 მსჯავრდებულს პატრიარქ ილია მეორის გამოგზავნილი ჯვარი, სახარება და სანთლები გადასცა, მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პატიმრებმა ილია მეორეს წერილით მიმართეს.

ლეილა აფციაურის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან ახლოს არის მსჯავრდებულებთან:

“ჩვენ ამაში მონაწილეობა მივიღეთ, სოციალურმა სამმართველომ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საპატრიარქო და უშუალოდ ჩვენი უწმინდესი ყველაფერ ამაში უდიდეს მონაწილეობას იღებს. ძალიან ახლოს არის ჩვენს მსჯავრდებულებთან, ძალიან ახლოს არის ჩვენს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან.”

მსჯავრდებულის ნათლობაში არა, მაგრამ ლეილა აფციაურის პოზიციის დაფიქსირებაში მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას ხედავს “ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი თამთა მიქელაძე.

 

მას მიაჩნია, რომ ლეილა აფციაური აკეთებს პროპაგანდისტულ განცხადებას გაქრისტიანების პროცესის მხარდაჭერისთვის და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-13 მუხლს არღვევს.

 

“სახეზეა არა მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის მხრიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დარღვევა, არამედ მისი პოზიცია აღიარებულია და მხარდაჭერილია სამინისტროს მხრიდანაც, რადგან მან აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეომასალა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გააზიარა.”

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების 157 მსჯავდებული მოინათლა მართლმადიდებლად.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, რელიგიური მრწამსის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემად მიიჩნევა. თამთა მიქელაძე ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში სპეციფიკურად გადანათვლის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებაზე სამინისტროს აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, რა მიზნით აგროვებს მსგავს ინფორმაციას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახური ამბობს, რომ მონათვლის შესახებ ინფორმაცის ცალკე არ აგროვებენ. ნათლობას, როგორც ღონისძიებას, ციხის ადმინისტრაცია აღნუსხავს.

კითხვაზე, საიდან იციან, რომ 157 მსჯავრდებული მოინათლა მართლმადიდებლად, გვიპასუხეს, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის ჟურნალისტმა ელმაზ ო.-ს მონათვლის შესახებ სიუჟეტის მომზადება სურდათ და გადანათლულთა სტატისტიკაც მაშინ მოითხოევს.

 

მართლმადიდებლობის პროპაგანდა სასჯელაღსრულების სმაინისტროში
მართლმადიდებლობის პროპაგანდა სასჯელაღსრულების სმაინისტროში

მოსაზრებას, რომ გავრცელებული განცხადების გამო სასჯელაღსრულების სამინისტრო რელიგიურ პროზელიტიზმს ეწევა და არამართლმადიდებელ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, არ ეთანხმება სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თაია მახარაშვილი:

 

“აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ რომელიმე რელიგიური ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება ხდება, კიდეც რომ მიაკუთვნონ უპირატესობა იმ რელიგიას, რომლის წარმომადგენელი დღეს უმრავლესობაა საქართველოში, ამაში გასაკვირი არაფერია  და მიუღებელი. მთავარია, არ იყოს რაიმე რელიგიური დისკრიმინაცია.”

 

თაია მახარაშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, “სადაც იყო ქართული სამლოცველო, იქ დავამატეთ [მუსლიმური], ასეთია ნომერ მეხუთე დაწესებულება”.

 

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ციხეებში განსაკუთრებით მუსლიმები ინათლებიან, რადგან ახლად მონათლულებს საპატრიარქოს დახმარების იმედი აქვთ შეწყალების დროს.

“არა მგონია, რომ ანალოგიური განცხადება გაეკეთებინა სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელს იმ შემთხვევაში, თუ სხვა აღმსარებლობას მიიღებდა პატიმარი.”

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური უმცირესობებისთვის მინიმალური სტანდარტი არსებობს მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესია დიდი უპირატესობით სარგებლობს.

 

თამთა მიქელაძე ისხენებს 2010 წლის 12 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც ქორესპისკოპოსის შუამდგომლობით მართლმადიდებელ მრევლს მიკუთნებული მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელების შემსუბუქების შესაძლებლობას აძლევს.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს სასჯელის შემსუბუქების თაობაზე ქორეპისკოპოსის შუამდგომლობისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიური იდენტობის მქონე მსჯარდებულებს. ცხადია, უპირატესობების ამგვარ სისტემაში მსჯავრდებულ პირებს უძლიერდებათ ინტერესი და სურვილი მიიღონ ქრისტიანობა.

 
იურისტის თქმით, ქვეყანაში არსებულ თურქოფობიურ და ისლამოფობიურ კონტექსტში, რომელიც აჭარელი მუსლიმების წინააღმდეგ მიმდინარე რელიგიური ძალადობისა და აგრესიის ფონზე განსაკუთრებით მწვავედ ჩანს, სამინისტროს მხრიდან გაქრისტიანების პროცესის როგორც მისიის შეფასება და მისი ღია და ინსტიტუციური მხარდაჭერა აძლიერებს არსებულ საჯარო დისკურს, რომელიც ეთნიკურად ქართველი მუსლიმი თემის მიუღებლობას ეფუძნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი