Interviewsახალი ამბები

ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის 44% პრორუსულია – CRRC-ის მკვლევრის განმარტება

9 აპრილი, 2019 • 2342
ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის 44% პრორუსულია – CRRC-ის მკვლევრის განმარტება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის საკითხზე საქართველოს მოსახლეობის აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი. გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. გამოკითხულთა 44%-ის აზრით კი, რუსეთი საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს.​​​​​​​

რამ განაპირობა კვლევის ასეთი შედეგი და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანები, რომლებიც ოკუპაციის მიუხედავად რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეები არიან, პრორუსულ საგარეო პოლიტიკურ კურსს უჭერენ მხარს? “ნეტგაზეთის” კითხვებს CRRC-ის მკვლევარი თამარ ხოშტარია პასუხობს…

– ალბათ, შედეგი იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ამ ორი პასუხიდან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ მხოლოდ. შეიძლება, არ უნდოდათ, რადიკალურად ეთქვათ, რომ რუსეთი მტერია. შეიძლება, ამ ორ მოსაზრებაზე ცალ-ცალკე კითხვები რომ დასმულიყო და არჩევანის აუცილებლობა არ დამდგარიყო, სხვაგვარი პასუხები დაფიქსირებულიყო.

ანუ, შეიძლება თავად კითხვის ფორმულირება გახდა ასეთი შედეგის მაპროვოცირებელი?

 მაპროვიცირებელი – არა, უბრალოდ, სხვადასხვაგვარად რომ დაუსვამ ადამიანს შეკითხვას, სხვადასხვანაირად გიპასუხებს. მოსახლეობის რაღაც ნაწილს არ უნდა, რადიკალურად თქვას, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი უყვარს და უნდა, რუსეთის ნაწილი გახდეს. იქ უბრალოდ არის ნათქვამი, რომ რუსეთთან, ყველაფრის მიუხედავად, ნეიტრალური ან დადებითი ურთიერთობა უნდათ. შეიძლება, ეს იმით არის განპირობებული, რომ 2008 წელს ომი გამოვიარეთ და ნახეს, რა შედეგიც მოჰყვა. ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ ეს 44% მაინცდამაინც პრორუსულია სხვა მოსაზრებებითაც.

კითხვაში ერთმორწმუნეობის და რუსეთთან საერთო ფასეულობების ფაქტორის შემოტანა რატომ გადაწყვიტეთ?

– კითხვების ავტორი დამკვეთია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. შინაარსობრივ ნაწილზე ძირითადად ისინი არიან პასუხისმგებელი. ჩვენ უფრო შემსრულებლები ვართ ამ შემთხვევაში.

CRRC ატარებს კვლევებს, მათ შორის, NDI-სთვის. სხვა კვლევებში მსგავსი ფორმულირებით თუ ყოფილა კითხვა დასმული და მაშინ რა შედეგი დადგა?

– სამწუხაროდ, არ მახსოვს, რომ ასეთი კითხვა დაგვესვა. თუმცა NDI-ის კვლევებში რუსეთთან დაკავშირებით კითხვები არის და შესაძლებელია იმ მომაცემებთან შედარება.

წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ეს ბოლო მონაცემები იგივე CRRC-ის მიერ ჩატარებულ სხვა კვლევებთან, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის თითქმის 80% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას?

– არ მოდის წინააღმდეგობაში. გააჩნია, როგორ ჰკითხავ ადამიანს. ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ ეს 44% არ არის ნატო-ს ან ევროკავშირის მხარდამჭერი. შეიძლება ეს უბრალოდ იმას ნიშნავდეს, რომ მათ არ უნდათ მტრული დამოკიდებულება ჰქონდეთ რუსეთის მიმართ. ეს 44% მაინცდამაინც პრორუსული ადამიანების რაოდენობას არ აჩვენებს, უბრალოდ არ აირჩიეს მეორე მოსაზრება, რომელიც რუსეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი